მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრანსპორტში "მწვანე პასპორტის" რეგულაციის აღსრულება რთული იქნებოდა - გამყრელიძე

618a396a6276c
ინგა მურუსიძე
09.11.21 13:11
663
კვების ობიექტები, რესტორნები, კაფეები და ბარების ღია და დახურული სივრცეები, გასართობი ცენტრები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერა და მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები, სამთო კურორტების საბაგირო გზები - ეს იმ ობიექტების ჩამონათვალია, სადაც 1-ელი დეკემბრიდან შესვლას მხოლოდ და მხოლოდ ”მწვანე პასპორტის“ წარდგენის შემთხვევაში შეძლებთ. აღსანიშნია, რომ ამ ეტაპზე „მწვანე პასპორტის“ რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტს არ შეეხო, რამაც კითხვები გააჩინა, რაზეც პასუხის მიღებას დღეს NCDC-ის აღმასრულებელი დირექტორისგან შევეცადეთ. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ამ რეგულაციის აღსრულების მენეჯმენტი რთული იქნებოდა.

„ეს საკითხი რთული დასამენეჯმენტებელია... ამ ეტაპზე დავიწყებთ იმით, რაც უკვე გაჟღერდა საბჭოს მიერ და მერე შევხედავთ. ტრანსპორტზე დაშვების მენეჯმენტი ანუ აღსრულება არის რთული, შეიძლება ქაღალდზე დააწესო, მაგრამ მერე ვერ აღასრულო“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კი საკითხს ადამიანის უფლებებით ხსნის.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ბაზისური საჭიროება, რომელზეც ადამიანს წვდომა უნდა ჰქონდეს. აქაც უფლებრივი კუთხით, თემა პრობლემურია და გამოწვევაა, რომ ასე ხისტად მივუდგეთ ამ საკითხს. შესაძლებელი რომ იყოს, ადამიანებს ყოველდღიური ტესტირება შესთავაზოს სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში შეზღუდვის დაწესება შეიძლებოდა და რადგან სახელმწიფო ამ სერვისს ვერ სთავაზობს, "მწვანე პასპორტების" მექანიზმის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გავრცელება, გამოიწვევდა ადამიანებისთვის სამსახურში წასვლის შეზღუდვას. ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება და ამას ხისტად ვერ გავაკეთებდით. ადამიანებს არჩევანი უნდა ჰქონდეთ და თან თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები