მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ისტორიულ უბნებში K2 კოეფიციენტი გადაიხედება, ეს მეტ ბიზნესსუბიექტს დააინტერესებს - APART DEVELOPMENT

63d13df664d41
ანუკა ჯოხაძე
25.01.23 18:56
2025
თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობების პრობლემის მოგვარების მიზნით, პროგრამის შექმნა დაავალა. კახა კალაძის თქმით, სხვა უბნებში უკვე მიმდინარეობს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, თუმცა, საჭიროა, შემუშავდეს მიდგომა ისტორიულ არეალებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობებისთვის. თავის მხრივ, ვიცე-მერმა განმარტა, რომ ისტორიულ უბნებში K2 კოეფიციენტი არ გაიზრდება და შესაძლოა, ინვესტორებს ავარიული სახლის გამოსყიდვის, ან რეაბილიტაციის სანაცვლოდ, სხვა უბანში, კოეფიციციენტის გაზრდა შესთავაზონ. ხმალაძის თქმით, მუშავდება სხვა ვერსიაც, თუმცა ჯერ ამის თქმა არ შეუძლია.

რა შემთხვევაში შეიძლება ბიზნესი მერიის ახალი პროგრამით დაინტერესდეს? - ეს კითხვა BM.GE-მ იმ კომპანიის წარმომადგენელს დაუსვა, რომელსაც დედაქალაქის მასშტაბით ისტორიულ არეალებში ავარიული შენობების ჩანაცვლების გამოცდილება აქვს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ დღეს ერთ-ერთი პრობლემური საკითხი მოსახლეობასთან კომუნიკაციაა, სადაც მერიის ჩართულობა პროცესებს გაამარტივებს.

“აპარტ დეველოპმენტი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლება დაიწყო. იმისთვის, რომ ჩვენთვის კომერციულად საინტერესო ყოფილიყო ეს პროექტები, აქცენტი გავაკეთეთ არა მრავალბინიან კორპუსებზე, არამედ დაბალი განაშენიანების მრავალფუნქციურ კომპლექსებზე, სადაც ხარისხია მნიშვნელოვანი და არა რაოდენობა. თუმცა იმისთვის, რომ სხვა ბიზნეს სუბიექტებისთვისაც საინტერესო გახდეს, ვფიქრობ, რომ მერიის ინიციატივა თუ გარდაიქმნება ხელშემწყობ პროგრამად.

არსებობს საკმაოდ ბევრი ბიუროკრატიული ბარიერი, რომელიც განსაკუთრებით ისტორიულ უბნებში კიდევ უფრო მეტად გართულებულია და ეს აფერხებს დროში პროცესების განხორციელებას. ერთ-ერთი მწვავე საკითხი არის მოსახლეობასთან მოლაპარაკება, რადგან მათი მხრიდან ხშირია ხოლმე არარელევანტური მოთხოვნები. ვეღარ შევდივართ ახალ ობიექტებზე და პრობლემაც მოუგვარებელი რჩება. ამ ნაწილში თუ მერია შუამავლის როლს იკისრებს, ძალიან კარგი იქნება", - ამბობს "აპარტ დეველოპმენტის" აღმასრულებელი დირექტორი თათა დგებუაძე.

მისი თქმით, თავად ისტორიულ უბნებში შენობების ჩანაცვლებაში კომერციულ ინტერესს არა საცხოვრებელ ბინებში, არამედ კომერციულ ფართებსა და სხვა მომსახურებების შესრულებაში ხედავენ. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ K2-კოეფიციენტთან მიმართებით ცვლილებები იქნება, ეს დეველოპერების ინტერესს მსგავსი პროექტების მიმართ კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

“K2 კოეფიციენტი შემაფერხებელი ფაქტორია და ბუნებრივია ვერ მოხდება მაღალსართულიანი პროექტების განხორციელება, იმიტომ, რომ არსებობს სიმაღლის შეზღუდვა. ზუსტად ამიტომ ჩვენ ვფიქრობ, რომ ვიპოვეთ სწორი ნიშა და გავედით პრემიუმ სეგმენტზე, სადაც მომხმარებლის მხრიდან შეზღუდული რაოდენობის ბინებზეა და აქცენტი ჩვენი მხრიდან კეთდება უფრო მომსახურების ნაწილზე, რასაც ჩვენი კომპანია სთავაზობს. ცხადია თუ კოეფიციენტის გადახედვა მოხდება, რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტ ბიზნესსუბიექტს დააინტერესებს”, - აცხადებს "აპარტ დეველოპმენტის" აღმასრულებელი დირექტორი თათა დგებუაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები