მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტუროპერატორთა ასოციაცია: კორონავირუსი ტურისტულ ბიზნესს მილიონობით დოლარით აზარალებს

5e68f6a246506
ელენე გოგბერაშვილი
12.03.20 10:36
1723
კორონავირუსის გავრცელების გამო კრიზისულ მდგომარეობაში არამარტო სასტუმროები, რესტორნები და ტურისტული სააგენტოები, არამედ ტუროპერატორებიც აღმოჩნდნენ.

ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი bm.ge-ისთან ამბობს, რომ კორონავირუსის უარყოფითი გავლენა ამ ბიზნესს მილიონობით დოლარით აზარალებს. ერთ-ერთი კომპანიის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ჩარტერული რეისების გაყიდვები 90%-მდეა შემცირებული. ეს პროცესი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების პირველივე შემთხვევა დადასტურდა.

„ძალიან ბევრი გაუქმებაა ტურისტულ კომპანიებში, ვინც მუშაობს შემომყვან ტურიზმზე. ფაქტობრივად მარტი, აპრილი, მაისის ძალიან ბევრი ტურის ჯავშნები არის გაუქმებული. მოლოდინი არის, რომ წლის პირველი ნახევარი იქნება ძალიან რთული.

არსებობს ზარალი როგორც - პირდაპირი, ისე ირიბი. მხოლოდ ტურისტულ კომპანიაზე არ არის ლაპარაკი, აქ არიან გიდები მძღოლები, სატრანსპორტო კომპანიები და უამრავი ობიექტი, რომელიც ფინანსურად დამოკიდებულია ტურებზე. ოპტიმისტურად ვუყურებთ, მაგრამ ერთ თვეში გამოჩნდება, რაზე ვისაუბრებთ. არ ვიცი ცალ-ცალკე რა ფასად ჰქონდა ტური გაყიდული თითოეულ კომპანიას, თუმცა მასშტაბი არის მილიონობით დოლარი და ევრო თუ ჯგუფებს ეხება. უახლოეს სამ თვეში დიდ თანხებზეა საუბარი“, - აცხადებს ია თაბაგარი.

„გაყიდვები შეჩერებულია. ყველა იკავებს თავს მოგზაურობისგან. ეშინიათ, პირველ რიგში, თანხების დაკარგვის და მეორე, ცდილობენ, რომ ფრთხილად იყვნენ. მოქმედ ჯავშნებზე როცა შემოდის გაუქმება, ავიაკომპანიებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. სასტუმროების თანხას ყოველთვის სრულად ვაბრუნებთ და გააჩნია როდისაა ფრენა, იმის მიხედვით ვახდენთ ამ ფრენების კომპენსაციასაც. რაც შეეხება შემდეგი ზაფხულის ჩარტერულ რეისებს, გაყიდვებმა იკლო 90%-ით. ეს ტენდენცია მას შემდეგ ფიქსირდება, რაც საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა მოიმატა“, - აცხადებს საერთაშორისო ტუროპერატორი კომპანია „პეგას ტურისტიკის“ დირექტორის მოადგილე სალომე ბერაია.

კორონავირუსის უარყოფით გავლენებს ბიზნესი მომავალ თვეში დაითვლის, თუმცა როგორც კერძო სექტორი აცხადებს, არსებული ფონი დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთების საშუალებას არ იძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები