მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ურუგვაი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების მიზნით მოლაპარაკებებისთვის მზად არის“

611f89bf6299a
ვიქტორია მღებრიშვილი
20.08.21 14:52
1210
„ურუგვაი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის მზად არის“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სააგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას შეეხო და იმას თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები გაიზარდოს, გაფართოვდეს და მაქსიმალურად იყოს გამოყენებული საქართველოს გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური შესაძლებლობები იმისათვის, რომ ურუგვაისა და აზიისკენ მიმდინარე პროდუქციამ გაიაროს საქართველოს ტერიტორია და საქართველო გამოყენებულ იქნას როგორც ერთგვარი ჰაბი, დამაკავშირებელი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი, რომელსაც მინისტრი გააჟღერებს გახლავთ ის, რომ მე მან გადმომცა ნოტა, იმასთან დაკავშირებით, რომ ურუგვაი მზად არის საქართველოსთან დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით. ვფიქრობ ეს იქნება ამ ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი, რომელიც კიდევ უფრო გააფართოებს სავაჭრო- ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩვენს შორის და საქართველოს პოტენციალი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული, ისე როგორც ჩვენ გამოვიყენებთ იმ პოტენციალს და შესაძლებლობებს, რომელსაც ურუგვაი, ჩვენი მეგობარი ქვეყანა გვთავაზობს ლათინური ამერიკის რეგიონში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ურუგვაელი კოლეგის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს გახლავთ ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალურ ვიზიტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ ძალიან მჭიდრო და მეგობრულ კავშირებს. მინისტრის თქმით, საქართველოს და ურუგვაის აერთიანებს საერთო ღირებულებები და ინტერესები, რაც არის დაკავშირებული საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპებისადმი ერთგულებასთან.

„ჩემს კოლეგას მადლობა გადავუხადე საქართველოსთვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურუგვაის ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობების 27-წლიანი ისტორია, ამბიციური ორმხრივი დღის წესრიგი. ურუგვაი არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა ლათინური ამერიკის რეგიონში და ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები და განხილვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანის მიმართულებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები