მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინის შემოტანის საკითხი მხოლოდ ელჩების დონეზე არ უნდა წყდებოდეს - ნიკოლოზ გამყრელიძე

603b522462315
ანუკა ჯოხაძე
28.02.21 12:18
9317
როდის შემოვა საქართველოში კოვიდ 19-ის ვაქცინის პირველი დოზები, ჯერ კიდევ ბუნდოვანია. თარიღმა, რომელიც ბოლო პერიოდში ანონსდებოდა, რამდენჯერმე გადაიწია. მიზეზიც არაერთი დასახელდა, მათ შორის - ტექნიკური პრობლემები; ჯამში, ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის დაგვიანება მსოფლიოში შექმნილი დეფიციტით აიხსნა.

პროცესებში აქტიურ მონაწილეობას ითხოვს და ვაქცინების კერძო არხებით შემოტანას გეგმავს კერძო სექტორი. კონკრეტული ბიზნეს სუბიექტების მხრიდან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები მწარმოებელ კომპანიებთან.

მათ შორისაა “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფიც”, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ვაქცინის შემოტანასთან მიმართებით მთავრობის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს და ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი ელჩების დონეზე არ უნდა წყდებოდეს და პირდაპირ მწარმოებლებთან მოლაპარაკების ნაწილში მინისტრები უნდა იყვენენ ჩართულები.

თემაზე ნიკოლოზ გამყრელიძემ Bm.ge-ისთან ისაუბრა.

“ყველა კარი უნდა გავაღოთ და თუ არ გვიღებენ ფანჯრიდან შევიდეთ. ვისურვებდი, რომ არამარტო ელჩების დონეზე ვხედავდე ვაქცინასთან მიმართებით აქტივობას. არ არის საკმარისი ელჩების დონეზე ჩართულობა... ისრაელის მაგალითი ყველამ ვნახეთ, რამდენიმე თვე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი იჯდა “ფაიზერის” ოფისში, იქამდე სანამ ვაქცინები არ გამოიტანა.

ჩვენნაირ პატარა ქვეყანას შანსი არ გვაქვს... მთავრობის მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებმა ზუსტად იგივე უნდა აკეთონ. ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე - დიდ ბრიტანეთში და ა.შ. იქ უბრალოდ მიდის ბრძოლა არსებობისთვის. ამ რანგმა უნდა იმუშაოს ადგილზე და არა მარტო საელჩოებმა, რადგან არ მგონია, რომ მხოლოდ მსგავსი გზით გადაწყდეს ეს საკითხი", - აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე Bm.ge-ისთან.

საქართველო ამ ეტაპზე 2 წყაროდან - COVAX-დან და ვაქცინების მწარმოებელებთან პირდაპირი მოლაპარაკებების საფუძველზე ვაქცინების 3 ტრანშს ელის. ესენია 29 ათასი დოზა Pfizer-ის ვაქცინა (COVAX-იდან) და 315 ათასი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა (COVAX-იდან), რომლის ჩამოსვლამაც დროში გადაიწია. ასევე, პირდაპირი მოლაპარაკებებიდან ველოდებით 150 ათასი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინას; არსებობს დათქმა, რომ ვაქცინა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გვექნება, თუმცა ესეც იმ შემთხვევაში "თუ მწარმოებელი არ დაგვაღალატებს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები