მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვერ დამისახელებთ პროექტს, სადაც ხარისხის პრობლემა იყო”- ინფრასტრუქტურის მინისტრი

63fc9d068162b
ანუკა ჯოხაძე
27.02.23 17:33
8043
გასულ კვირას სამტრედია-გრიგოლეთის I მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ნაწილი მდინარე რიონის ადიდების გამო ჩამოიშალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ისინი მომხდარის მიზეზების შესწავლას მდინარის დონის დაწევის შემდეგ შეძლებენ. დეპარტამენტის ინფორმაციით, ნგრევა მშენებარე ხიდის მერვე ბურჯის ჩამოშლამ გამოიწვია, რასაც მასზე დაყრდნობილი ორი მალის ჩაწოლა მოჰყვა.

დღეს BMG-მ ინფრასტრუქტურის მინისტრს ჰკითხა - პროექტების შესრულებისას ხარისხი რამდენად არის გამოწვევა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი ხარვეზები თავიდან იყოს აცილებული, რაზეც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ არ არსებობს პროექტი, სადაც ხარისხის პრობლემა იყო. მისი თქმით, სამტრედია-გრიგოლეთის I მონაკვეთზე მშენებარე ხიდის დაზიანებაზე მოკვლევა დაწყებულია და ამოღებული იქნება ყველა დოკუმენტაცია, რომელიც კონტრაქტორმა კომპანიამ პროექტის ჩაბარებისას წარადგინა.

“თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ პროექტს, სადაც ხარისხის პრობლემა იყო. რაც მოხდა სამტრედია-გრიგოლეთში, ეს არის მერვე ბურჯის დაზიანება, რომელმაც გამოიწვია ამ ბურჯზე დაყრდნობილი 2 მალის ნაშენის ჩამოწოლა. შესწავლა დაწყებულია და შესწავლის დარულებამდე შეუძლებელია რაიმე კონკრეტული ვთქვათ, ვინაიდან მიზეზები აქ უნდა დადგინდეს. მხოლოდ მიზეზების დადგენის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ რასთან გვაქვს საქმე, რატომ მოხდა აღნიშნული.

ეს შემთხვევა არ იძლევა არანაირ საფუძველს იმისა, რომ ჩვენ ზოგადად ხარისხზე ვისაუბროთ. ჩვენი პროექტები ხორციელდება საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიების მეთვალყურეობით და ზედამხედველობით, მათ შორის ხარისხის ნაწილში. შესაბამისად, ყველა სამუშაოზე, რომლის მიღებაც ხდება შესაბამისი დოკუმენტაცია იწარმოება, რაც ჩვენი კანონმდებლობით და საერთაშორისო ნორმებით არის გათვალისწინებული. ამ კონკრეტულ ბურჯთან დაკავშირებით ასევე იქნება ამოღებული დოკუმენტაცია და იქნება დამატებით შესწავლილი", - აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.

ქარსელაძე ამბობს, რომ საქმეს სწავლობს როგორც სამხარაულის ეროვნული ბიურო, ისე პროკურატურა. მინისტრის განცხადებით, მიზეზის დადგენის შემდეგ შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

ცნობისთვის, სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის დასრულების არაერთხელ გადავადება არაკეთილსინდისიერმა კონტრაქტორებმა განაპირობეს. თავდაპირველად კონტრაქტი კომპანია “ალტკომთან” გაფორმდა, რომელმაც ჩარიცხული მრავალმილიონიანი ავანსების მიუხედავად, პროექტის მხოლოდ 24% შეასრულა. 2018 წელს “ალტკომი” კომპანია “აკორდმა” ჩაანაცვლა, რომელსაც 89-მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმდა, თუმცა სამუშაოები ბოლომდე არც “აკორდმა” დაასრულა, რომელთანაც მთავრობამ კონტრაქტი გაწყვიტა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოშლილი მერვე ბურჯი სწორედ ამ კონტრაქტორმა ააშენა.

2021 წელს კი მთავრობამ ახალი ტენდერი გამოაცხადა, რათა პროექტის საბოლოო კონტრაქტორი შეერჩია. ტენდერში კომპანია “ჯეუ გრუპმა” გაიმარჯვა, რომელსაც 73.7-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმდა.

“ჯეუ გრუპის” დირექტორმა გიორგი თავართქილაძემ BMG-ისთან მომხდარის შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, მდინარე რიონი გუშინ იმაზე მეტად ადიდდა, ვიდრე ეს მათთვის მიწოდებულ 100-წლიან ჰიდროლოგიურ კვლევაში იყო აღნიშნული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები