მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისთვის და რა ფასი ჰქონდა ტურისტების ყოველთვიურ სტატისტიკას? - ინტერვიუ გიორგი ბრეგაძესთან

63ef790d9af07
თელარა გელანტია
17.02.23 16:51
1367
საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკა ყოველთვიურად აღარ გამოქვეყნდება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ახალი ფორმა და ვადები შემუშავდა და ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკით ხელმძღვანელობენ. შესაბამისად, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლებისა და საერთაშორისო ვიზიტორების მახასიათებლების კვლევას კვარტალში ერთხელ გაავრცელებენ. აღსანიშნია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელმძღვანელობდა შსს-ს მონაცემებით, რომელმაც სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნების ვადა შეცვალა და მათ შორისაა სახელმწიფო საზღვრის კვეთის სტატისტიკა.

საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკის გამოქვეყნების პერიოდულობის შეცვლასთან დაკავშირებით BMG-მ რამდენიმე კითხვით ტურიზმის ადმინისტრაციაში კვლევისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს და ამჟამად, PMCG-ის უფროს კონსულტანტს გიორგი ბრეგაძეს მიმართა.

- რამდენად ფასეული იყო საერთაშორისო ვიზიტორების შესახებ ყოველთვიური ინფორმაციის გამოქვეყნება და რამდენად წონიანია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და შსს-ს არგუმენტები?

საერთაშორისო ვიზიტორების შესახებ ყოველთვიური ინფორმაციის მნიშვნელობის გასააზრებლად, საჭიროა ვიცოდეთ, ვინ იყენებს ამ მონაცემებს და რა მიზნით. ამ მონაცემებს აქტიურად იყენებს სახელმწიფო და კერძო სექტორი, კვლევითი კომპანიები და აკადემიური სფერო. მონაცემები ძირითადად გამოიყენება ტურიზმში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად და პროგნოზირებისთვის, მარკეტინგული აქტივობების მონიტორინგისთვის და ტურიზმის პოლიტიკის ეფექტიანობის გასაზომად. გარდა ამისა, მისი საშუალებით ხდება ტურიზმის სხვა ინდიკატორების ფორმირება როგორიცაა: საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები (ეროვნული ბანკი) და საერთაშორისო ვიზიტორების კვლევა (საქსტატი).

როგორც ტურიზმში არსებული მდგომარეოების შეფასების და პროგნოზირების ინსტრუმენტი მონაცემების გამოყენება შესაძლებელია ტურიზმის ინდუსტრიაზე მოქმედი გარე, თუ შიდა ფაქტორების გავლენის შესაფასებლად გარკვეული პერიოდილობით. სწრაფად ცვალებად გარემოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, მნიშვნელოვანია, ამ ცვლილებების გამომწვევი ფაქტორების გავლენა სწრაფად ავსახოთ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაზე, რათა საპასუხო ზომებზე დროულად ვიფიქროთ და დაგვიანების გამო, ამ ზომების ეფექტიანობის შემცირება თავიდან ავიცილოთ. დროულად განახლებადი ინფორმაცია ასევე საშუალებას გვაძლევს მომავლის პროგნოზირება უფრო მეტი სიზუსტით განვახორციელოთ, რაც ეფექტიანი დაგეგმვის საშუალებაა.

მეორე მხრივ, როგორც ტურიზმის მარკეტინგული აქტივობების მონიტორინგის საშუალება მონაცემები გვაჩვენებს, თუ რა გავლენა იქონია მარკეტინგზე გაწეულმა ხარჯებმა ვიზიტორების ნაკადებზე. დაგვიანებული მონაცემების შემთხვევაში არაეფექტიანი მარკეტინგული გადაწყვეტილებების შედეგების გამოსწორება სეზონის დასრულებამდე ვერ მოხერხდება, მაშინ, როცა სწრაფად მოქმედებამ შესაძლებელია ტურიზმის სეზონი გადაარჩინოს.

ამ მონაცემების გამოყენება ასევე შესაძლებელია ტურიზმის პოლიტიკის ეფექტიანობის შესაფასებლად. იმისთვის, რომ ქვეყანამ ტურიზმისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, მან უნდა შეიმუშაოს პოლიტიკა და დასახოს მიზნები. ტურიზმის პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასება და დასახული მიზნების მიღწევის სწრაფი შეფასება უმნიშვნელოვანესია. დაგვიანებულმა მონაცემებმა არასწორი პოლიტიკური ნაბიჯის შემთხვევაში შესაძლებელია შედეგი მნიშვნელოვნად გაამწვავოს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ხშირად გამოიყენება მაკროეკონომიკური ცვლადების ცვლილების ასახსნელად, მისი გამოქვეყნების რეგულარობის შემცირება კი, ეკონომისტებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეფასების ინსტრუმენტს წაართმევს.

- თქვენი აზრით, რამდენად რელევანტურია ევროპული პრაქტიკის მოშველიება?

ევროპული ქვეყნების პრაქტიკის მოშველიება რელევანტური იქნებოდა შენგენის წევრი ქვეყანა რომ ხდებოდეს საქართველო, თურქეთთან ერთად, უახლოეს მომავალში. ეს გამოიწვევდა სასაზღვრო კონტროლის მოშლას და შენგენის წევრი ქვეყნების ყოველგვარი აღრიცხვის გარეშე შემოსვლას. ამ შემთხვევაში სტატისტიკური აღრიცხვა საზღვრებიდან გადაინაცვლებდა სასტუმროებში. გართულებული აღრიცხვიანობის გამო სრულიად ლოგიკური იქნებოდა უფრო გრძელი პერიოდის დაფარვა და პერიოდულობის შემცირებაც. საერთაშორისო კონფერენციებზე ტურიზმის სტატისტიკის ექსპერტებს ხშირად აღუნიშნავთ, რომ საქართველოში უკეთესი ტურიზმის სტატისტიკური აღრიცხვა გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, რადგან საზღვრების გაკონტროლება შეუძლია. სასაზღვრო კონტროლით, ერთის მხრივ, ზუსტ ინფორმაციას ვიღებთ, მეორე მხრივ, გამოქვეყნების პერიოდულობა ხშირია. ახალი რეგულაციებით კი, უპირატესობის ნაწილს ვკარგავთ.

- როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გარკვეულწილად შეიცვალა საერთაშორისო ვიზიტორებს სტრუქტურა ქვეყანაში, სტატისტიკის გამოქვეყნების პერიოულობის შეცვლა კითხვებს არ გააჩენს?

- რეგულაციების ცვლილებამ შეიძლება მრავალი ეჭვი გააჩინოს... ერთი რამ ცხადია, აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოს ყოველთვიური ანგარიშვალდებულება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობასა და მის სტრუქტურაზე აღარ ექნება, რაც მასზე ზეწოლას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები