მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველა წისქვილი გაჩერდა... ფერმერები ხორბალს ვერ აბარებენ“ - დარგი მთავრობას მიმართავს

64102be65802d
ვიქტორია მღებრიშვილი
14.03.23 12:15
1051
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში ყველა წისქვილკომბინატი დაიხურა, ხოლო ადგილობრივი მეხორბლე ფერმერები გასული წლის მოსავალს ვერ აბარებენ. ამის შესახებ მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, არსებული მდგომარებაში რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებული ბაჟით და ფქვილზე ნულოვანი ბაჟით არის განპირობებული.

„იგივე ტალღაში შევედით. ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა. შარშანდელი სიტუაცია მეორდება. მიზეზი რუსულ ხორბალზე არსებული საექსპორტო ბაჟია, მაშინ როდესაც ფქვილზე ეს ბაჟი არ მოქმედებს. გასულ წელთან შედარებით ამას დაემატა ის, რომ ადგილობრივ ფერმერებში გასული სეზონის მოსავალია დაგროვებულია და ისინი წისქვილებს ვერ აბარებენ, რადგან წარმოებები გაჩერდა. შესაბამისად, ეს ჯაჭვურ რეაქციას იწვევს და ფერმერები ახალი მოსავლის მიღებისთვის მზადებას ვერ იწყებენ“, - განმარტა სილაგავამ.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე ხნის წინ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია შეიქმნა, რომელმაც არსებული პრობლემების შესახებ საქართველოს მთავრობა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქმის კურსში ჩააყენა.

„თუ ისინი ვერ გაყიდიან თავის ხორბალს, არ ექნებათ იმის რესურსი, რომ ხორბლის მოსაყვანად საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყონ და ქვეყანაში ხორბლის მოსავლის რაოდენობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, - აცხადებს სილაგავა.

საკითხის გადაჭრის მიზნით, ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია საქართველოს მთვარობას 3-პუნქტიანი შეთავაზებით მიმართავს, რომლის განხორციელების შემთხვევაში რამდენიმე გარანტიას ასახელებს. გაერთიანებაში აცხადებენ, რომ შეთავაზება მისაღებია როგორც სახელმწიფოსათვის, ასევე წისქვილკომბინატების, პურის მწარმოებელი ინდუსტრიის, ფერმერების და მოსახლეობისათვის.

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის შეთავაზება მთავრობას, რომლის მთავარ მიზანს პურის ფასის შენარჩუნების გარანტია წარმოადგენს.

შეთავაზება გულისხმობს :

დაწესებულ იქნას დამაბალანსებელი საიმპორტო მოსაკრებელი იმპორტირებულ ფქვილზე, რაც გაათანაბრებს ფქვილისა და ხორბლის იმპორტის საგადასახადო რეჟიმებს.

ფქვილის იმპორტზე დამაბალანსებელი მოსაკრებლის შემოღების შემთხვევაში წისქვილკომბინატები შეძლებენ მუშა პროცესის აღდგენას და იღებენ შემდეგ ვალდებულებებს :

1. წისქვილკომბინატების მიერ ე.წ. „მასობრივი მოხმარების“ პურზე ფასის გარანტირებულ შენარჩუნებას;

2. ადგილობრივი ფერმერებისაგან 2022 წლიდან დარჩენილი ჩაუბარებელი ხორბლის მოსავლის გარანტირებული შესყიდვას ხარისხების შესაბამის ფასად (დღეს წისქვილების გაჩერების ფონზე , ხორბლის შესყიდვის შეთავაზებული ფასი საერთოდ არ არსებობს) -რაც შეჩერებული საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას უზრუნველყოფს;

3. ქვეყანის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას ( ხორბლით 2 თვიანი გარდამავალი მარაგების შექმნით)

ზემოაღნიშნული შეთავაზება პროცესში ჩართულ ყველა მხარეს შემდეგ დადებით ეფექტს აძლევს:

1.ფქვილის იმპორტიორებსა და ადგილობრივ წისქვილკომბინატებს ეძლევათ მუშაობის საშუალება გათანაბრებულ კონკურენტულ გარემოში;

2. მოსახლეობის ფართო ფენებისათვის გარანტირებულია ე. წ. „ მასობრივი მოხმარები“ პურის ფასი;

3. ნარჩუნდება წისქვილკომბინატებში მომუშავე 3000-მდე ადამიანის სამუშაო ადგილები;

4. უზრუნველყოფილია ადგილობრივი ფერმერების მიერ 2022 წლის ადგილობრივი დარჩენილი ხორბლის მოსავლის რეალიზაცია და 2023 წლის საგაზაფხულო სამუშაოების დაწყება ,შემდგომი წლების ხორბლის მოსავლის ზრდის მოტივაცია და ადგილობრივი მოსავლის გარანტირებული ჩაბარება წისქვილკომბინატებში;

5. უზრუნველყოფილია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება. გარანტირებულია ხორბლით 2-თვიანი გარდამავალი მარაგების არსებობა;

6 უზრუნველყოფილია უახლოეს წლებში საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული სტრატეგიით ადგილობრივი ხორბლის მოსავლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის ზრდა;

7. სახელმწიფოსაგან სიტუაციის დასაბალანსებლად არც წისქვილკობინატების და არც ფერმერების მიერ არ მოითხოვება საბიუჯეტო თანხები მათ შორის არც რაიმე სახის სუბსიდირება , არამედ პირიქით ბიუჯეტი ივსება, როგორც ფქვილზე საიმპორტო გადასახადის მოსაკრებლით , ასევე ადგილობრივი წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობის შედეგად გადახდილი გადასახადებით;

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ , რომ შეთავაზება არის ყველა მხრივ დაბალანსებული და წარმოადგენს წარმოქმნილი სიტუაციაში პრობლემის უმტკივნეულოდ გადაწყვეტის გზას, ვინაიდან მასში გათვალისწინებულია როგორც წისქვილკომბინატების და ფერმერების ,ასევე პურის მწარმოებლების და მოსახლეობის ინტერესები , სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით“, - ნათქვამია ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მიმართვაში.


ცნობისთვის, დარგის წარმომადგენლები ანალოგიური პრობლემის წინაშე გასულ წელსაც იდგენენ და მთავრობას რუსული ხორბლის საექსპორტო ბაჟის საპირწონედ რუსულ ფქვილზე სარკისებრი გადასახადის დაწესებას სთხოვნენ. იმ დროისთვის საკითხს უწყებათშორისო ჯგუფი განიხილავდა, თუმცა მაშინ მთავრობის მეთაურის განცხადებით, სახელმწიფომ დარგის წარმომადგენლების წინადადება არ მიიღო. მდგომარეობა 2022 წლის ზაფხულში ხორბლის ახალი მოსავლის აღების შემდეგ შედარებით დასტაბილურდა და წისქვილკომბინატებიც ამოქმედდნენ. ამავე პერიოდში აღდგა რუსეთიდან ხორბლის იმპორტიც.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოსთვის ხორბლის მთავარ საიმპორტო ქვეყანაში - რუსეთში ხორბალზე დაწესებული საექსპორტო ბაჟი ყოველკვირეულად იზრდებოდა. 7 მარტს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საექსპორტო გადასახადი არ შეუცვლია, ხოლო 15 მარტიდან ხორბალზე დაწესებული ბაჟი მცირედით 0.5%-ით შემცირდება და 1 ტონა ხორბლის საექსპორტო ბაჟი 5 344 რუბლი იქნება. ამავე პერიოდში რუსეთში ფქვილის ექსპორტზე ნულოვანი ბაჟი მოქმედებს, რაც ქვეყნიდან ფქვილის რეალიზების ზრდას უწყობს ხელს და ეს სტატისტიკურ მაჩვენებლებზეც აისახება. რუსეთის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით აიხსნება.

2022 წელს ხორბლის იმპორტში რუსეთზე დამოკიდებულება 95.1% იყო. ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს იმპორტირებული ხორბლის ღირებულება 2021 წელთან შედარებით, 30.6%-ით, ხოლო მოცულობა 49.8%-ით შემცირდა. შესაბამისად, გასულ წელს 184 063 ტონა ხორბლის შესაძენად საქართველოდან 65.7 მლნ დოლარი გავიდა.

რაც შეეხება რუსეთს, ამ პერიოდში საქართველომ რუსეთიდან 61.6 მლნ დოლარის 174 132 ტონა ხორბალი შეიძინა. ხორბალი და მესლინი რუსეთიდან იმპორტირებული უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების ხუთეულში მეხუთე ადგილზე იყო. ამ ბაზრიდან საქონლის იმპორტი კი 12 თვის ჭრილში ღირებულების მიხედვით 29.4%-ითაა შემცირებული, მოცულობის მხრივ კლება - 48%-ია.

რაც შეეხება 2023 წლის იანვრის მონაცემებს, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან 16 704 ტონა ხორბლისა და მესლინის შესაძენად 5.3 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის იანვრის იმპორტს 44.3%-ით აღემატება. მოცულობით კი ხორბლის იმპორტი 42%-ით გაიზარდა. აღსანიშნია, რომ იანვარში ხორბალი მხოლოდ რუსეთიდან შემოვიდა, ანუ ერთადერთი საიმპორტო ქვეყანა რუსეთი იყო.

ამავე პერიოდში ქვეყანაში 6 მლნ დოლარის ღირებულების 18 050 ტონა ფქვილი შემოვიდა. იმპორტი თითქმის გაორმაგებულია, ანუ 98%-ით არის გაზრდილი. მოცულობა კი 101%-ით გაიზარდა. ფქვილის საიმპორტო ბაზრები იანვარში, ხორბალთან შედარებით დივერსიფიცირებული იყო, მაგრამ იმპორტის 98.5% რუსულ ფქვილზე (5.8 მლნ დოლარი, 17 928 ტონა) მოდიოდა. საიმპორტო ბაზრებს შორის თურქეთი (54 ათასი დოლარი, 77 ტონა), უკრაინა (28 ათასი დოლარი, 41 ტონა), იტალია (3 ათასი დოლარი, 3 ტონა) იყვნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები