მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 მლნ ლარი ღვინის პოპულარიზაციისთვის - სუბსიდირების სამთავრობო პროგრამის დეტალები

6135ee79298e8
ვიქტორია მღებრიშვილი
06.09.21 15:04
1075
მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საექსპორტო ბაზრებზე მარკეტინგულ აქტივობებს დაუსუბსიდირებს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი გამოსვლიდან გაირკვა, რომ სუბსიდირების ახალი პროგრამა ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრებზე პოპულარიზაციის მიზნით იწყება და მასში ჩართვას ის კომპანიების შეძლებენ, რომლებიც გარკვეულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.

პროგრამის მიხედვით, თითოეული კომპანია, რომელიც ახალი ბაზრების ათვისების პროცესში სახელმწიფოს ფინანსური რესურსის მიღებას გადაწყვეტს, წლიურად 600 000 ლარით დაფინანსდება. ლევან დავითაშვილის თქმით, ეს თანხა საპილოტე პროექტის ფარგლებშია განსაზღვრული და პროგრამის ეფექტიანობის შემთხვევაში, სუბსიდირების ბიუჯეტი გაიზრდება. მნიშვნელოვანია, რომ საგრანტო თანადაფინანსების მიმღებმა კომპანიებმა ექსპორტის მიმართულებით მარკეტინგისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი უნდა გაზარდონ, რათა მხოლოდ სახელმწიფოს ფინანსური რესურსის გამოყენება არ მოხდეს. ერთ-ერთი პირობის მიხედვით კი კომპანიის პროგრაგრამაში ჩასართავად 1 ლიტრ ღვინოზე მარკეტინგული ხარჯი 2 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 

„საანგარიშო წელს, როდესაც მოხდება დაფინანსება, ექსპორტის რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაზრდილი უნდა იყოს, სწორედ ეს ზრდაა ჩვენთვის ამოსავალი. არ გვინდა, რომ ღვინის კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის ხარჯზე ჩაანაცვლონ მარკეტინგული აქტივობები, შესაბამისად, ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომ მათ უნდა გაზარდონ მარკეტინგული ბიუჯეტი, რომელიც აუდიტის მიერ დადასტურდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მნიშნელოვანია, რომ კომპანიები მარკეტინგული აქტივობებისთვის თანადაფინანსების მიღებას დსთ-ის ქვეყნებისა და საქართველოს გარდა, ყველა ბაზარზე შეძლებენ. მინისტრის განმარტებით, ეს ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით ხდება. აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და სხვა - ეს ის სამიზნე ბაზრებია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ღვინის პოპულარიზაციისთვის სამინისტროში 9-10 მლნ ლარია გამოყოფილი. უშუალოდ, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი კი 3 მლნ ლარია.