მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ თურქეთისგან ითხოვს, რუსულ ავიაკომპანიებს Boeing-ით ფრენა აუკრძალოს

63d38166b6c77
მარიამ ვარადაშვილი
27.01.23 12:01
717
WSJ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ თურქეთისგან ითხოვს, რუსულ ავიაკომპანიებს თურქეთის ტერიტორიაზე Boeing-ით ფრენა აუკრძალოს.

აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე აფრთხილებენ თურქეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც აშშ-ში წარმოებულ, თუმცა ახლა რუსული კომპანიების მფობელობაში მყოფ თვითმფრინავებს რაიმე სახის მომსახურებას თუ გაუწევენ. საუბარია ისეთი მომსახურების გაწევაზე, როგორებიცაა სათადარიგო ნაწილების ან/და საწვავის მიწოდება. 

The Wall Street Journal აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ანკარას ამერიკის ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელმა, თეა როზმან კენდლერმა უკვე გააცნო. ის ოფიციალური ვიზიტით თურქეთს გასული წლის ბოლოს ეწვია.

სამინისტრომ გაზეთს დეტალები არ გაუზიარა, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ის უცხოურ ავიაკომპანიებთან მუშაობდა შეერთებული შტატების მიერ რუსული, ბელორუსული და ირანული თვითმფრინავებისთვის დაწესებული შეზღუდვების შესრულების მონიტორინგის კუთხით. The Wall Street Journal-ის ინფრმაციით, ოქტომბრიდან რუსეთის ავიაკომპანიებს Boeing-ის წარმოებული თვითმფრინავით თურქეთის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ორი ათასზე მეტი რეისი აქვთ შესრულებული.

გამოცემასთან კომენტარის გაკეთებაზე თავი შეიკავა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ევროკავშირის და აშშ-ს სანქციების გამო, რუსულთან ერთად ევროპული სალიზინგო კომპანიებიც დაზარალდნენ, რომლებმაც რუსულ ავიაკომპანიების სარგებლობაში არსებული თვითმფრინავების დაბრუნება ვეღარ შეძლეს. თავის მხრივ, Boeing-მა და Airbus-მა რუსულ კომპანიებს ტექნიკური დახმარება შეუჩერეს.

კერძოდ, ისინი რუსეთში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს თვითმფრინავის კომპონენტებს აღარ აწვდიან. სწორედ ამ მიზეზით სხვადასხვა რუსულ კომპანიას სათადარიგო ნაწილებისთვის თვითმფრინავების დაშლა უწევს. როგორც DW წერს, ომის დაწყებამდე მათ მფლობელობაში ჯამში 800 თვითმფრინავი იყო, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა Boeing-სა და Airbus-ის მიერ იყო წარმოებული.