მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩემი სოფელი“ - ევროკავშირი საინფორმაციო კამპანიას იწყებს

5f757e112ed5c
BM.GE
01.10.20 11:08
1213
ევროკავშირი იწყებს საინფორმაციო კამპანიას „ჩემი სოფელი“, რომელიც საქართველოში თემზე დაფუძნებული სოფლის განვითარებას ეხება.

როგორც bm.ge-ს ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, სოფლის განვითარება საქართველოს მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სხვა ეკონომიკური საქმიანობის კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია. ხოლო ევროკავშირი ამ პოტენციალის განვითარებაში საქართველოს 2013 წლიდან ENPARD პროგრამით ეხმარება. ეს დახმარება მოიცავს მთავრობის მხარდაჭერას უკეთესი პოლიტიკის შემუშავებისა და სექტორის მოდერნიზაციისთვის, ასევე პარტნიორებთან თანამშრომლობას რეგიონებში ეკონომიკური უნარ-ჩვევების ამაღლების კუთხით. თუმცა, სოფლის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თავად ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობაა.

"სწორედ ამიტომ, ბოლო რამდენიმე წელია, ევროკავშირი საქართველოში, პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერს ქვემოდან-ზემოთ მიმართულ, ანუ თემზე დაფუძნებულ სოფლის განვითარების პროცესს. ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, იქმნება ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG), რომლებიც აერთიანებენ ადგილობრივ მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტებს, რათა მათ ერთად შეიმუშაონ გადაწყვეტილებები საკუთარი სოფლისა თუ თემის გასაძლიერებლად. ჩვენი დახმარებით LAG-ები უკვე 12 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა. მათ შეძლეს თემის მობილიზება და წამოიწყეს სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური პროექტები სოფლად საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროკავშირმა საქართველოში 500-ზე მეტი ასეთი ინიციატივა დააფინანსა, ეს ინიციატივები ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას უწყობს ხელის, 1 000-ზე მეტ ოჯახს უკეთესს დასაქმების საშალებას აძლევს და 10 000-ზე მეტ სოფლად მოსახლეს ცხოვრების პირობებს უუმჯობესებს.

„მე მჯერა ადგილობრივი განვითარების ჯგუფების და სოფლის განვითარების თემზე დაფუძნებული მიდგომის სარგებლიანობის. საქართველოში LAG-ები ადგილობრივი მოსახლეობის ნიჭსა და მეწარმეობის უნარს ფართო შესაძლებლობებს აძლევენ. ადგილობრივი საჭიროებების და შესაძლებლობების შეფასება ხომ ადგილობრივებს ყველაზე კარგად შეუძლიათ. ჩვენი მუშაობის უდიდესი მიღწევა სწორედ იმის დანახვაა, თუ როგორი მოტივაციით, ინტერესითა და ენთუზიაზმით ერთვებიან ადგილობრივები საკუთარი თემის განვითარების პროცესში. ჩვენ მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს სოფლის მოსახლეობას, უკეთ გამოიყენონ ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობები, დარჩნენ და გაძლიერდნენ საკუთარ რეგიონებში და არ დასჭირდეთ უკეთესი საარსებო წყაროსთვის სხვაგან გადასახლება.

მიმდინარე კვირას, ჩვენ ვიწყებთ კამპანიას, რათა მოგიყვეთ თემზე დაფუძნებული განვითარების ინიციატივების შესახებ. შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, გაგაცნობთ ზოგიერთი LAG-ის და ადგილობრივი თემის წარმომადგენლის წარმატების ისტორიას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. გაჩვენებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა განვითარების პერსპექტივას ფართოდ განიხილავს და ეკონომიკურ აღმავლობას არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში, არამედ მეწარმეობის, ტურიზმის, მომსახურებისა და სხვა ადგილობრივი ინიციატივების საშუალებით აღწევს", - აღნიშნავს კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში. 

დამატებითი ინფორმაცია ევროკავშირის სოფლის განვითარების მხარდამჭერი პროგრამის და LAG-ების შესახებ, მათ შორის ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ინტერვიუ, ფაქტები და მონაცემები და 7 ისტორია იხილეთ კამპანიის ვებგვერდზე. ასევე ყველა დაინტერესებულს შეუძლია, თვალი ადევნონ Facebook-ის გვერდს.