მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დელტას“ ბაზაზე ქარის ელექტროსადგურების გენერატორების წარმოება იგეგმება - ასოციაცია

62ab98d4bd9a0
ალა ისპირიანი
17.06.22 20:30
1220
საქართველოში „დელტას“ ბაზაზე ქარის ელექტროსადგურებისთვის გენერატორების წარმოება გერმანულ კომპანია Vensys-სთან თანამშრომლობით იგეგმება. როგორც ქარის ენერგიის ასოციაციის პრეზიდენტმა მამუკა მიქაშავიძემ გადაცემა “საქმის კურსში“ განაცხადა, პროცესი მალე დაიწყება.

„ველოდებით ნაწილების ჩამონათვალს და მის ტექნიკურ მონაცემებს. ამის სიას 10 დღის განმავლობაში მივიღებთ იმისათვის, რომ "დელტას გადავცეთ და შევისწავლოთ ეს საკითხი, რადგან სანამ დიდ ინვესტიციებზე გადავალთ, რაც წარმოებასთან არის დაკავშირებული, მანამდე უკვე დეტალების წარმოება დავიწყოთ, რომელსაც მთელ მსოფლიოში მოიხმარენ. ეს ძვირად ღირებული დეტალებია, ამიტომ მგონია საწარმო "დელტას" გაუჩნდება კარგი შემოსავალი და ის  ქარის ელექტროსადგურების ნაწილების ექსპორტიორი გახდება“, - განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა.

მან ქარის ენერგეტიკის მიმართულებით კვალიფიციური კადრების დეფიციტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაბამისი კადრების ნაკლებობა არის, თუმცა გერმანულმა მხარემ ქართველი კვალიფიციური კადრების მომზადება თავის თავზე აიღო.

"გვინდა გერმანელებთან ერთად საწარმო შევქმნათ და გერმანული ტექნოლოგიით ბაზარზე ქარის ელექტროსადგურები გამოვუშვათ. გერმანელებმა სადგურებში მომსახურე პერსონალი საქართველოდან წაიყვანეს, სადაც მათ წარმოებიდან ინსტალაციამდე ყველაფერს შეასწავლიან. ამგვარად ქარის ენერგეტიკის მიმართულებით კადრები გაიზრდება. ჩვენი გეგმაა, წელიწადში 150 მეგავატის წარმადობის გენერატორები გამოვუშვათ და ქსელში ჩავუშვათ", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, გერმანული კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში უკვე იმყოფებოდნენ და "დელტას" ბაზას ესტუმრნენ.