ეკონომიკის სამინისტრო CFD სქემის ფარგლებში მეორე სიმძლავრის აუქციონების გამოსაცხადებლად ემზადება. მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ამბობს, რომ მეორე სიმძლავრის აუქციონი მომავალ თვეში ჩატარდება და გამოტანილი იქნება 600 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურები, მათ შორის იქნება მარეგულირებელი ჰესების პროექტებიც.
კრიტიკის მთავარი საგანი კერძო სექტორისთვის ამ ეტაპზე ის მედიანური ტარიფია, რაც პირველი სიმძლავრის აუქციონის დასრულების შემდეგ ჰიდროს, მზის და ქარის ელექტროსადგურების პროექტების შემთხვევაში დაიდო. აუქციონის კომისიის მიერ განსაზღვრული მედიანური ტარიფი ჰესების შემთხვევაში 6,85 ცენტს, ქარის ელექტროსადგურის პროექტების შემთხვევაში 6,82 ცენტს, მზის შემთხვევაში კი 6,37 ცენტს შეადგენს.
ქარის ენერგიის ასოციაციის ხელმძღვანელი მამუკა მიქაშავიძე ამბობს, რომ მშენებლობის, ლოგისტიკისა და ტექნოლოგიური ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორებს აღნიშნული ტარიფის პირობებში პროექტების განხორციელება და ჩადებული ინვესტიციის ამოღება ძალიან გაუჭირდებათ.
„ტარიფები, რომელიც დადგინდა მზის და ქარის ენერგოპროექტებზე, რეალურ ფასებს არ შეესაბამება. ის დაბალია და ძალიან გაუჭირდებათ ინვესტორებს, რომლებსაც უნდათ ინვესტიცია გააკეთონ ენერგეტიკაში და მერე [ინვესტიცია] ამოიღონ, ამ ტარიფებით.
რა თქმა უნდა, 15-წლიანი გარანტია [ელექტროენერგიის შესყიდვის] კარგია ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ ყოველდღიური გამოსყიდვის ფასი, ანუ მშენებლობის ფასი და გენერატორების ფასი ამ 2-3 წლის განმავლობაში ძალიან გაიზარდა. გაძვირდა რკინა, ლოგისტიკა. 40%-ით არის გაძვირებული გენერატორები, ლოგისტიკა 80%-მდეა გაძვირებული, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საინვესტიციო ხარჯებს აწვება...
ასევე, ძალიან გაძვირდა კონტრაქტებიც მწარმოებელ კომპანიებთან, რომლებიც გენერატორებს აწარმოებენ. მათთან მინიმუმ 3-წლიანი რიგებია. კომპანიებმა ხელშეკრულებები, რაც დადებული იყო, გაძვირების გამო გააუქმეს. მაგალითად, გენერატორი თუ ღირდა მილიონი, რეალური სიტუაციიდან გამომდინარე ქარხანა ვერ აკეთებს მილიონად და დაჯდა 1,3 მილიონი“, - აცხადებს მამუკა მიქაშავიძე და დასძენს, რომ მედიანური ტარიფი 8-10 ცენტის ფარგლებში მაინც უნდა იყოს, რომ ინვესტორებმა პროექტში ჩადებული თანხის ამოღება შეძლონ.
ადეკვატური მედიანური ტარიფის მნიშვნელობაზე საუბრობს BM.GE-სთან ჰელიოს ენერჯის დირექტორი გუგა ბარბაქაძეც.
“ბევრი რამ არის ახალი, პირველად კეთდება, შეიძლება ის შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული პირველ ჯერზე, იყოს გამოსწორებული და გვქონდეს უკეთესი შედეგები უკვე მეორე აუქციონზე.
ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს ყველა იმ დაინტერესებულ პირს, ვინც გეგმავს შევიდეს ამ აუქციონში, მათ შორის კონსულტაციებს ვუწევთ, ვაძლევთ რეკომენდაციებს, რათა მათი მოლოდინები და მოსალოდნელი შედეგები იყოს თანხვედრაში ერთმანეთთან და მათ იმედგაცრუება არ ჰქონდეთ. ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, ტარიფი იყოს დაბალი, თუმცა იყოს ადეკვატური იმისთვის, რომ პროექტების განხორციელება რეალურად შესაძლებელი გახდეს“, - აცხადებს გუგა ბარბაქაძე.
CFD სქემის მიხედვით, სახელმწიფო 15 წლის განმავლობაში იღებს ვალდებულებას, რომ აუქციონში გამარჯვებულ ფასად, გარანტირებულად შეისყიდოს კომპანიებისგან ელექტროენერგია. პირველი 300 მეგავატზე სიმძლავრის აუქციონს 24 გამარჯვებული კომპანია ჰყავს.
CFD სქემით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში მთავრობა 1 500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობას გეგმავს. მათი გაცხადებული პოზიციაა, რომ ამ სქემით ენერგეტიკაში 5 წლიანი უძრაობის ხანა უნდა დასრულდეს.