მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ენერგოპროექტების ინვესტორები გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლა

ელექტროსადგურები

განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების ინვესტორებისთვის ახალი შეღავათი ამოქმედდა. მთავრობის დადგენილებით, მშენებლები, რომლებსაც ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება ფორმდება, გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. ცვლილება ეხება ქარის და მზის სადგურებს და ასევე იმ ჰიდროელექტროსადგურებს, რომელთა დადგმული სიმძლავრე 100 მეგავატს აღემატება.

Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელ და „მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის“ დირექტორის თორნიკე დარჯანიას შეფასებით, გარანტიის წარდგენისგან გათავისუფლება მნიშვნელოვანი შეღავათია ინვესტორებისთვის, თუმცა გარანტიის წარდგენის ვალდებულება იმთავითვე ემსახურებოდა გარკვეული რისკების გადაზღვევას სახელმწიფოსთვის, რომ პროექტი სამშენებლო ეტაპზე გადასულიყო. თორნიკე დარჯანია ფიქრობს, რომ სავარაუდოდ, კომპანიებს გაუჭირდათ საფინანსო და სადაზღვევო ორგანიზაციებიდან გარანტიების მიღება და ამ გადაწყვეტილების უკანაც ეს მიზეზი დგას.

“ჩვენი მხრიდან არ ყოფილა ეს საკითხი დაყენებული. სამშენებლო გარანტიაზე თუ არის საუბარი, 40 ათასი იყო 1 მეგავატზე მოთხოვნილი, შესაბამისად რომ გადავითვალოთ 100 მეგავატზე, საკმაოდ სოლიდური გარანტიის მოტანა მოუწევდა ინვესტორს. გამოდის, ეს არის საშეღავათო ინვესტორებისთვის, თუმცა მინდა ვთქვა ეს გარანტიები რას ემსახურებოდა. არასერიოზული ინვესტორების ჩართულობა რომ იქნეს თავიდან აცილებული, გარანტია იყო ერთგვარი ბარიერი იმისა, რომ შეემოწმებინა სახელმწიფოს, რამდენად სერიოზულად არის ინვესტორი დაინტერესებული. შესაბამისად იმედი მაქვს, რომ გარანტიის მოხსნა უკუშედეგს არ გამოიწვევს.

ამხელა გარანტიის მიცემა მშენებლობაზე ქართულ ბანკებს ან საკრედიტო დაწესებულებებს ან დაზღვევას გაუჭირდებოდა, შესაბამისად რთული იყო საერთაშორისო დონეზეც ამ ტიპის გარანტიების მოძიება. სახეზეა, რომ რაღაც პრობლემა იყო გარანტიებთან მიმართებით, სხვა კუთხით სახელმწიფო ამ გარანტიას არ მოხსნიდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროექტია ისეთი, რომელიც რეალურად აშენებისთვის არ არის გაკეთებული, არამედ ის არის იმისთვის, რომ გაყიდოს ინვესტორმა. რომ ვერ ყიდის, ეს პროცესი იწელება. ამიტომ მოითხოვდა სახელმწიფო ამ გარანტიას, რომ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკური ფაზიდან მშენებლობის ეტაპზე გადასულიყო ინვესტორი და პროექტი დაესრულებინა”,-განაცხადა თორნიკე დარჯანიამ “საქმის კურსთან” ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები