„ელექტროენერგიის დამაგროვებლების პროექტი შეგვიძლია პირდაპირ ავიღოთ როგორც დიდი რეზერვუარიანი ჰესების ანალოგი“,- ამის შესახებ „გროს ენერჯი ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავა აცხადებს.
ის იზიარებს განახლებადი ენერგიების ასოციაციის ინიციატივას, CFD სქემაში მოექცეს და წახალისდეს ენერგიის შემნახველი ტექნოლოგია, რა პრაქტიკასაც კარგად იცნობს განვითარებული ქვეყნები.
„დამაგროვებლების ტექნოლოგია ბოლო პერიოდში ძალიან სწრაფად ვითარდება, მიმზიდველია და საინტერესოა მსოფლიოსთვის, რადგან მაღალი კაშხლის და რეზერვუარიანი პროექტების გავლენა ბუნებაზე საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ამ მიმართულების ერთ-ერთი ჩამნაცვლებელი არის დამაგროვებლების ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა დღის განმავლობაში, როცა იაფია და ზედმეტია ელექტროენერგია, შეინახო და პიკურ პერიოდში, როცა მაღალია მოთხოვნა ელექტროენერგიაზე და შესაბამისად ფასიც მაღალია, რეალიზაცია განახორციელო.
ამ დამაგროვებლების ტექნოლოგია ისეა აწყობილი, როგორც ბატარეა. დაიმუხტა, განიმუხტა და რეალიზაცია გააკეთა ბირჟაზე სხვადასხვა საათებში. შესაძლებელია ათიათასობით დამუხტვა/განმუხტვის გაკეთება.
ტექნოლოგია ძალიან აქტიურად ვითარდება. ბოლო პერიოდში თითქმის განახევრდა მისი ღირებულება და ამ ტემპით თუ გაგრძელდება ქართული ბაზრის რეალობაშიც საინტერესო იქნება ინვესტიციის ჩადება“,- აცხადებს ირაკლი ტყებუჩავა.
აღსანიშნია, რომ ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების და ჰიდრომააკუმულირებელი სადგურების მშენებლობა, მთავრობის ელექტროსისტემის განვითარების 10 -წლიანი სტრატეგიის ნაწილია, თუმცა ამ მიმართულებით გამოცდილება ქვეყანას ჯერ არ აქვს და არც შესაბამისი კანონმდებლობა არსებობს. ირაკლი ტყებუჩავას ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და გარკვეულ რეგულაციებს და წამახალისებელ მექანიზმებს მალე შესთავაზებს ენერგეტიკულ ბაზარს.
„ელექტროენერგიის დამაგროვებლებს ბევრი უპირატესობა აქვს. უხვი ნალექის შედეგად ჰესებს არ აქვს საშუალება ყველა ეს ნალექი დააგროვოს რეზერვუარში, დამაგროვებლის გამოყენებით კი ჰესებს შეუძლიათ მაქსიმალურად გამოიმუშაონ ელექტროენერგია და დააგროვონ ამ ტექნოლოგიაში. შემდგომ უკვე, როცა დეფიციტია, მიაწოდონ ბაზარს. ეს ხელს შეუწყობს რა თქმა უნდა იმ დეფიციტის აღმოფხვრას, რაც ჩვენს ქვეყანაშია და ასევე ხელს შეუწყობს იმპორტის შემცირებას“,-აცხადებს ირაკლი ტყებუჩავა.
CFD სქემის ფარგლებში ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების პროექტების გათვალისწინების ინიციატივით ბიზნესმა ეკონომიკის სამინისტროს უკვე მიმართა. ინიციატორი საქართველოს მზის ენერგიის ასოციაცია და განახლებადი ენერგიის ასოციაცია GREDA-აა. ამაზე საუბარი იყო 22 ნოემბერს ბიზნესსა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე. კერძო სექტორი მთავრობა CFD სქემის პირობებში არამ მარეგულირებელი ჰესების, არამედ მარეგულირებელი სადგურების დეფინიციის გათვალისწინებას სთავაზობს, რაშიც მათ შორის ელექტროენერგიის შემნახველი თანამედროვე ტექნოლოგიების მოიაზრება.