მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ათეულობით ჰესია, რომელიც ექსპლუატაციის კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - Gross Energy Group-ის ფინანსური დირექტორი

ჰესი

მსოფლიო ბანკის  მონაცემებით, მსოფლიოში 50 წელზე მეტი ხნის წინ აშენებული 19 ათასი დიდი კაშხალია. ეს კი ის დროა, როდესაც კაშხალი ან ძირეულად უნდა შეკეთდეს, ან დაიშალოს.

როგორც ირკვევა, საქართველოშიც ათეულობით ობიექტია, რომელიც კრიტიკული ასაკის ზღვარს უახლოვდება და მათი მოდერნიზაციისთვის კომპლექსური სამუშაოებია საჭირო.

Gross Energy Group-ის ფინანსური დირექტორის განმარტებით, საუბარია საბჭოთა პერიოდში აშენებულ ჰესებზე, რომელთაც დღეს დიდი ორგანიზაციები ფლობენ. ირაკლი ტყებუჩავა ამბობს, რომ ნაწილმა უკვე დაიწყო ამ მიმართულებით ინვესტიციის ჩადება, თუმცა მისი შეფასებით, სასურველია გეგმა-გრაფიკი არსებობდეს და ამ ობიექტებზე სათანადო სისტემური კონტროლი და მონიტორინგი განხორციელდეს.

„ჩვენს რეალობაშიც არის ათეულობით ობიექტი [ჰიდროელექტროსადგური], რომელიც კრიტიკული ასაკის ზღვარს უახლოვდება. ჩვენ მოგვმართეს გარკვეულმა ინვესტორებმა აღნიშნულთან დაკავშირებით. მათ ობიექტებს ჩაუტარდათ შემოწმება, რის საფუძველზეც დაიგეგმა კაპიტალური შეკეთება, რაც ზრდის აღნიშნული ობიექტების სიცოცხლისუნარიანობის ციკლს. 50 წლის შემდეგ საჭიროა მოხდეს გადამოწმება ობიექტის, მისი მდგომარეობის და ხარისხის შეფასება.

ობიექტის რეაბილიტაცია საკმაოდ დიდ ინვესტიციებს მოითხოვს, ამიტომ სასურველია ამ მხრივ მხარდამჭერი მექანიზმები არსებობდეს, თუმცა გააჩნია რა ტიპის რეაბილიტაცია მოხდება. თუ ხდება ძველი ამორტიზებული მანქანა-დანადგარების რეაბილიტაცია/შეცვლა, ამ მხრივ, ვფიქრობ, ფინანსურად მოგებიანიცაა, რომ მფლობელმა განახორციელოს გარკვეული ინვესტიცია და ახალი ტურბინა გენერატორებით გაზარდოს შემოსავალი, მაგრამ თუ ეს ეხება ამორტიზებულ შენობა-ნაგებობას, კომისიური ტიპის გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული და ამ გზით მოხდეს მისი კაპიტალური შეკეთება თუ დემონტაჟი“, - განმარტავს ტყებუჩავა.

Gross Energy Group-ის ფინანსური დირექტორის ინფორმაციით, ამ მიმართულებით მთავრობას გარკვეული ინიციატივები აქვს და შესაბამის საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობს.

„რამდენიმე ჰესის შემთხვევაში, სადაც სხვადასხვა ტიპის პრობლემები იყო, შედგა სამთავრობო შემსწავლელი კომისია. ამ მხრივ მიდის მუშაობა, რასაც მომავალში კანონის სახე მიეცემა, რომელიც დაარეგულირებს მონიტორინგის და ექსპლოატაციაში მყოფი ჰესების კონტროლს, როგორც ხარისხის კუთხით, ისე სხვა მიმართულებით“, - აცხადებს ირაკლი ტყებუჩავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები