„გროს ენერჯი ჯგუფის“ ფინანსური დირექტორის მოლოდინით, საწყის ეტაპზე ენერგეტიკულ ბირჟაზე მაღალი აქტიურობა არ იქნება.
როგორც ირაკლი ტყებუჩავამ BMG-ის განუცხადა, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ 1 ივლისიდან ბირჟა ნებაყოფლობით რეჟიმში იხსნება. მისი თქმით, სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე გენერაციის ობიექტები ბირჟაზე განვითარებულ პროცესებს დააკვირდებიან და შემდეგ გადაწყვეტენ პლატფორმაზე ვაჭრობას.
თუმცა მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიის მაღალი ფასები დაფიქსირდება, ეს შესაძლოა, კომპანიების ნაწილისთვის სტიმული გახდეს, ელექტროენერგია სწორედ ამ პლატფორმაზე გაყიდოს.
„მნიშვნელოვანია, რომ 1 ივლისიდან ენერგეტიკული ბირჟა იხსნება. შეიქმნება პრეცედენტი, რომ ბირჟაზე ვაჭრობა დაიწყება და ელექტროენერგიის ფასი დაფიქსირდება. ეს უკვე წაახალისებს და გარკვეულ ინფორმაციას მისცემს ბაზრის მონაწილეებს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ ბირჟაზე და მომავალში სრულფასოვანი ტრანზაქციები მივიღოთ. საწყის ეტაპზე ყველა დაკვირვების რეჟიმში იქნება და ვინაიდან მონაწილეობა ნებაყოფლობითია, აქტიურობა დიდი არ იქნება.
ბაზრის წესების მიხედვით, ბირჟაზე ესკო იქნება იმ ორგანიზაციების წარმომადგენელი, რომლებსაც გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული. შესაბამისად, თუკი მაღალი ფასი დაფიქსირდება, არ გამოვრიცხავ, რომ ინვესტორებმა უარი თქვან PPA ხელშეკრულებებზე და ბირჟაზე თავად გაყიდონ ელექტროენერგია“, - განაცხადა ირაკლი ტყებუჩავამ.
ცნობისთვის, ენერგეტიკული ბირჟა, რომლის გახსნაც 6-ჯერ გადავადდა, მიმდინარე წლის პირველ ივლისს ნაწილობრივ გაიხსნება და საწყის ეტაპზე პლატფორმაზე ვაჭრობა ნებაყოფლობით იქნება. კერძოდ, პირველ ეტაპზე მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრები ამოქმედდება, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულება, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის გახსნა 2025 წლის პირველ ივლისამდე გადაიწევს.