საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელი, რომლითაც 2024 წლის 1 ივლისიდან ელექტროენერგიის ბირჟაზე დაიწყება ვაჭრობა. ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ექვსჯერ გადავადდა და ის საბოლოოდ 1 ივლისიდან შეზღუდული ფორმით გაიხსნება - ბირჟაზე წარმოდგენილი იქნებიან გენერაციის ობიექტები, მაგრამ მარეგულირებელ ჰესებს (დიდი ზომის ჰესებს) ის არ შეეხება. გენერაციის ობიექტებთან ერთად ბირჟაზე იქნებიან წარმოდგენილი მსხვილი მომხმარებლები, თუმცა მათი ამ სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობით მოხდება. ამავე სისტემაში არ მოხვდება იმპორტირებული ელექტროენერგიაც. აღნიშნული სახით ბაზარი 1 წლის ვადით იმოქმედებს, 2025 წლიდან კი ბაზარი სრულყოფილი სახით გაიხსნება.
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანიების მოტივაცია ჩაერთონ ენერგეტიკულ ბირჟაზე იქნება ელექტროენერგიის უფრო ხელსაყრელ ფასად შესყიდვასთან დაკავშირებული, რადგანაც სემეკის მიერ 2024 წელს ტარიფების 3-თეთრიანი შემცირების მიუხედავად შესაძლებელია იყოს საბაზრო ვითარება, რომელიც კომპანიებს (მსხვილ მომხმარებლებს) შესაძლებლობას მისცემს ელექტროენერგია კიდევ უფრო იაფად შეიძინონ.
საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანების წინაშე აღებულ ვალდებულებას წარმოადგენდა, თუმცა მისი ამოქმედება ამ დრომდე ექვსჯერ გადავადდა და ის ნაწილობრივ 2025 წლამდე არის გადავადებული, რადგანაც თავდაპირველ ეტაპზე მსხვილი მომხმარებლების ბირჟაზე ჩართვა ნებაყოფლობითია.
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, ბირჟაზე შემდეგი მხარეები ჩაერთვებიან:
ლექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვის უფლებამოსილება აქვთ მხოლოდ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მიერ 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად რეგისტრირებულ შემდეგ საბითუმო ბაზრის მონაწილეებს:
ა) პირდაპირ მომხმარებლებს, საწარმოს მოხმარების უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს, მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით;
გ) საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელს, მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით;
დ) თავისუფალ მიმწოდებელს, მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით;
ე) ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს, მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით;
ვ) ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს:
ვ.ა) გადამცემ ქსელში დანაკარგების შესყიდვის მიზნით;
ვ.ბ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების შესყიდვის მიზნით;
ზ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, განაწილების ქსელში დანაკარგების შესყიდვის მიზნით.
ხოლო ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიის გაყიდვის უფლებამოსილება აქვთ ამავე ბრძანების შესაბამისად რეგისტრირებულ შემდეგ საბითუმო ბაზრის მონაწილეებს:
ა) საწარმოს, რომლის მფლობელობაში არსებულ დერეგულირებულ ელექტროსადგურსაც, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არ აქვს დაკისრებული საჯარო მომსახურების ვალდებულება − ამ ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენეგიის ნაწილში;
ბ) საწარმოს, რომლის მფლობელობაში არსებულ დერეგულირებულ ელექტროსადგურსაც, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დაკისრებული აქვს საჯარო მომსახურების ვალდებულება გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ ნაწილზე − ამ ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენეგიის იმ ნაწილში, რომელშიც არ აქვს დაკისრებული საჯარო მომსახურების ვალდებულება;
გ) საწარმოს, რომელსაც, საქართველოს მთავრობას, ესკოსა და აღნიშნულ საწარმოს შორის არსებული წერილობითი შეთანხმების ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ესკოსთან სათანადო წესით გაფორმებული აქვს „ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება“ − ამ ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენეგიის ნაწილში, ამ ხელშეკრულების თანახმად, ელექტროენერგიის სავალდებულო გაყიდვისაგან თავისუფალ პერიოდში;
დ) საწარმოს, რომელიც შესაბამის ელექტროსადგურთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, სარგებლობს მხარდაჭერის სქემით − ამ ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენეგიის ნაწილში, მხარდაჭერის პერიოდისგან თავისუფალ პერიოდში.