6-ჯერ გადავადების შემდეგ, პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, თუმცა ჯერჯერობით, ბირჟაზე გარიგება ვერ შედგა, რაც მყიდველების და გამყიდველების ფასებს შორის განსხვავებამ განაპირობა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ მყიდველების და გამყიდველების ფასებს შორის სხვა მცირდება და სავარაუდოდ, სულ მალე იქნება კვეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარიგება შედგება.
“ბაზარი გაიხსნა ნებაყოფლობით რეჟიმში, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი მხრივ გენერაციის ობიექტები ნებაყოფლობით რეგისტრირდებიან ბირჟაზე და წარადგენენ გასაყიდ ენერგიას, მეორე მხრივ მომხმარებლებიც რეგისტრირდებიან და აფიქსირებენ თავიანთ მზაობას, იყიდონ ენერგია. პირველი დღეები, როცა ვაჭრობა დაიწყო და აუქციონები გაიმართა, დაახლოებით 2-თეთრიანი სხვაობა იყო ყიდვა-გაყიდვის ფასს შორის. გენერაციის ობიექტებს სურდათ, რომ ენერგია გაეყიდათ 14 თეთრად, ხოლო მსხვილ მომხმარებლებს მისი შეძენა 12 თეთრად უნდოდა. გარიგება ვერ შედგა, რამაც სიგნალი მისცა, რომ გენერაციის ობიექტმა უნდა დასწიოს ფასი, თუ სურს, რომ მყიდველი იპოვოს, მყიდველმა კი ცოტა მაღალ ფასად ელექტროენერგიის შესყიდვის მზაობა უნდა გააცხადოს. აქედან გამომდინარე, ნელ-ნელა 2 თეთრიდან სხვაობა მცირდება და მოთხოვნა მიწოდების მრუდები ერთმანეთს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისინი გადაიკვეთებიან”, - აცხადებს ნარმანია.
კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ფასები ერთმანეთს არ დაუახლოვდა, ნარმანია გვპასუხობს, რომ პროცესი დალაგდება მაშინ, როცა ჩაირთვება სავალდებულო რეჟიმი. თუმცა მისი შეფასებით, ბირჟაზე არაერთი გარიგება ნებაყოფლობით რეჟიმშიც მოხდება.
“თუ ნებაყოფლობით რეჟიმში არ იქნება კვეთა და ეს ასე გაგრძელდება, როცა ჩაირთვება სავალდებულო რეჟიმი, აუცილებლად მოუწევს ყველა გამყიდველს ბირჟაზე ენერგიის გატანა გასაყიდად და ყველა მსხვილ მომხმარებელს მოუწევს აუცილებლად ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვა, რაც მათ იძულებულს გახდის, რომ გაყიდონ და მიიღონ ენერგია. თუმცა დარწმუნებული ვარ, ნებაყოფლობით რეჟიმშიც მოხდება არაერთი გარიგება”, -აცხადებს დავით ნარმანია.