განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის [GREDA] აღმასრულებელი დირექტორის მაია მელიქიძის თქმით, “აწარმოე საქართველოშის” ელექტროენერგიის წარმოების დაფინანსების პროგრამის მიმართ დიდი ინტერესია, თუმცა მეტი ინფორმაციაა საჭირო. ამის შესახებ მან "საქმიან დილაში" ისაუბრა.
საუბარია ელექტროენერგიის წარმოების კომპონენტზე, რომელიც ბიზნეს უნივერსალის პროგრამას დაემატა. კერძოდ, სესხით/ლიზინგით სარგებლობისათვის სავალდებულოა, ობიექტი აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდრო ენერგიას და მათი დადგმული სიმძლავრე 0.5 მეგავატს არ აღემატებოდეს. პროგრამის ფარგლებში სესხის პროცენტის სუბსიდირება სესხის სრული ვადით რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%-ის ოდენობით მოხდება.
“ამ პროექტთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია გვჭირდება. წინა კვირაში მივმართე “აწარმოე საქართველოს” ხელმძღვანელობას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მიმდინარე კვირაში ჩვენს შორის კომუნიკაცია შედგება, რადგან ბიზნესმა უკვე მომმართა თხოვნით და ამ პროექტთან დაკავშირებით მეტი სიცხადეა საჭირო. მეც მხოლოდ ის ინფორმაცია მაქვს, რაც მათ საიტზეა გამოქვეყნებული. ინტერესი დიდია და მთავარია ახლა ეს კომუნიკაცია შედგეს. გავიაროთ ის ინიციატივა, რაც “აწარმოე საქართველოს” აქვს და რამდენად შეესაბამება ეს პროგრამა ბიზნესის მოთხოვნებს. ამიტომ, გადამწყვეტია, რომ ეს კომუნიკაცია შედგეს. ინტერესი დიდია მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 0.5 მეგავატზეა საუბარი", - ამბობს მელიქიძე.