მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

G&T ვარაუდობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი წელს მშპ-ის ზრდის დონეს 3%-მდე შეამცირებს

62458615bf809
გიორგი თოლორდავა
31.03.22 15:00
794
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 14.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 16.3%-ია.

Galt & Taggart-ის შეფასებით, მშპ-ის ზრდის მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირების ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი საბაზო ეფექტია (გასული წლის ცუდი შედეგი), თუმცა წლევანდელი ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელი ფაქტორი საგარეო შემოდინებების და შიდა მოთხოვნის ზრდაა.

2022 წლის თებერვალში ეკონომიკური აქტივობა განსაკუთრებით ტრანსპორტირების, სტუმარ-მასპინძლობის, გართობის, ვაჭრობის და უძრავი ქონების სფეროებში გაიზარდა.

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსები წელს საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 3.0%-ით ზრდას ვარაუდობენ.

„მაღალი გაურკვევლობის ფონზე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი წელს მშპ-ის ზრდის დონეს 3.0%-მდე შეამცირებს, თუმცა ჩვენ ასევე ვხედავთ პროგნოზის გაუმჯობესების პოტენციალს.

28 მარტიდან კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები სრულად მოიხსნა, რაც მოსალოდნელია, რომ ხელს შეუწყობს რესტორნების კაფეების და ზოგადად, სტუმარ-მასპინძლობის სფეროს ზრდას, რომელიც მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული რეგულაციებით“.

Galt & Taggart-ის შეფასებით, საქართველოში მიგრანტების შემოდინება რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან, შესაძლოა, წლის ბოლოს მშპ-ის ზრდის მაჩვენებელზე 0.3-0.5 პროცენტული პუნქტით დადებითად აისახოს. ასევე, მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ტვირთბრუნვის საქართველოში გადმომისამართებამ მშპ-ის დონე 0.7 პპ-ით გაზარდოს. გასათვალისწინებელია საერთაშორისო კომპანიების საქართველოში გადმოსვლის ფაქტორიც.

აღნიშნული მოცემულობების გათვალისწინებით, G&T არ გამორიცხავს, რომ 2022 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკა არა 3.0%-ით, არამედ 4.0-4.5%-ით გაიზარდოს.