მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმერეთის აგროზონა“ - როგორ აპირებს მთავრობა წყალტუბოში €150 მილიონის მოზიდვას?

61af76a1a1d37
მარიამ ვარადაშვილი
10.12.21 19:00
1494
სახელმწიფო ბიზნესთან პარტნიორობით იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 150 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის განხორციელებას გეგმავს. ამ მიზნით უკვე შეიქმნა სახელმწიფო კომპანია „იმერეთის აგრზონა“, რომელსაც მთავრობამ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარებისთვის 220 ჰა მიწის ფართობი წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში გამოუყო. კონცეფცია ასეთია - იმერეთის აგროზონა უნდა იყოს მრავალფუნქციური სივრცე, დაწყებული სათბურებიდან, დასრულებული სამაცივრე და გადამამუშავებელი მეურნეობებით, ასევე სასწავლო ცენტრით. პროექტი ძირითადად ქართული მწვანილის ხარისხისა და მოსავლიანობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. „პროექტი დამუშავებულია ქართულ-ჰოლანდიური ჯგუფის მიერ, დამთავრდა დეტალური შესწავლა, გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა და დღეს ვიწყებთ კონკრეტული პირობებით ინვესტორებთან შეთანხმებებს”, - თქვა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 4 სექტემბერს, წინასაარჩევნოდ, იმერეთში, მოსახლეობასთან შეხვედრისას.

როგორ აპირებს მთავრობა წყალტუბოში €150 მილიონის მოზიდვას, რა არის სახელმწიფოს როლი და რა ეტაპზეა ინვესტორებთან შეთანხმების პროცესი - ამ და სხვა კითხვებით bm.ge-მ შპს “იმერეთის აგროზონის” დირექტორ არჩილ ბუკიას მიმართა.

- მოგეხსენებათ, ამ პროექტის განხორციელების აქტიური ფაზა 2020 წლის თებერვალიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო კონკურსი ჩავატარეთ და საკონსულტაციო კომპანია შევარჩიეთ. წელს გაზაფხულზე ჩავატარეთ საერთაშორისო ინტერესთა გამოხატვა, რაც ფაქტობრივად, პოტენციური ინვესტორების კვლევა იყო. ინტერესთა გამოხატვის სტადიაზე საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ - მსოფლიოს 8 ქვეყნიდან 30 წინადადება შემოვიდა. ამან საშუალება მოგვცა შემოდგომისთვის დაგვეგეგმა წინადადებების მიღების პროცესი, რომელიც პირველ ნოემბერს გამოვაცხადეთ და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

- რას სთავაზობთ პოტენციურ ინვესტორებს - მხოლოდ მიწას თუ სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას და ასევე, საინტერესოა, 150 მლნ ევროს ღირებულების პროექტში სახელმწიფოს ანუ ბიუჯეტის ფინანსური წვლილი რა იქნება?

- სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ “იმერეთის აგროზონის” ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა სრულად განავითაროს - ვგულისხმობ გარე და შიდა გზების მოწყობას, ტერიტორიის შემოღობვას, ასევე ელექტროენერგიის მიწოდებას, სასმელი წყლის, საირიგაციო და საკანალიზაციო სისტემის გაყვანას და სხვა. ამ ყველაფერს სახელმწიფო თავისი რესურსით გააკეთებს. ინფრასტრუქტურაზე წვდომა კი ექნებათ ჩვენს ინვესტორებს, რომლებიც იყიდიან ან იჯარით აიღებენ მიწის ნაკვეთს. მათ ამ მოსწორებულ ტერიტორიაზე უნდა ააშენონ სათბური. სახელმწიფომ ამ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, დაახლოებით, 130 მლნ ლარი უნდა დახარჯოს შემდეგი 5 წლის განმავლობაში. პროექტი სამ ფაზად განხორციელდება: პირველი ფაზა მოიცავს 2022-2023 წლებს, მეორე - 2023-2024 წლებს, ხოლო მესამე ფაზა არის 2026 წელი. ამ პერიოდისთვის მთელი ეს ტერიტორია სრულად იქნება ათვისებული.

- უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, რა პირობებით გადაეცემათ ინვესტორებს მიწის ნაკვეთები - გარკვეული მინიმალური ან მაქსიმალური ჭერი თუ არის დაწესებული გადასაცემ ტერიტორიაზე ან ინვესტიციის მოცულობაზე?

- ინვესტორებს შეუძლიათ, მიწის როგორც ყიდვა, ასევე იჯარით აღება. ვინც 31 დეკემბრამდე შემოიტანს საინვესტიციო წინადადებას, შეღავათიანი გადახდის პირობებს ვთავაზობთ. კერძოდ, ის თანხა, რაც მიწის შესაძენად ექნებათ გადასახდელი, ოთხ წელზე გადაუნაწილდებათ ანუ 20% გადასახდელი ექნებათ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, 30%-ს კი გადაიხდიან მას შემდეგ, რაც ნაკვეთთან მისასვლელი გზები მოწესრიგდება. აღსანიშნია, რომ მინიმალური საინვესტიციო მოცულობა განსაზღვრული არ არის. ადგილზე ორი ზონა გვაქვს გამოყოფილი: დაბალტექნოლოგიური სათბურებისთვის და საშუალო და მაღალტექნოლოგიური სათბურებისთვის. დაბალტექნოლოგიური სათბურებისთვის 1 კვ/მ მიწის ფასი, დაახლოებით, 33 ლარია, ხოლო საშუალო და მაღალტექნოლოგიურის სათბურებისთვის მიწის ფასი 1 კვ/მ-ზე 78 ლარს შეადგენს. დღეს ამ ფასად ვყიდით მიწას.

- რა ხდება მას შემდეგ, როცა ინვესტორი ინვესტორი იყიდის ან იჯარით აიღებს მიწას და დაუკავშირდება თქვენ მიერ მოწყობილ ინფრასტრუქტურას ანუ ამის შემდეგ სახელმწიფოს როლი რა არის?

- როგორც უკვე აღვნიშნე, სათბურის ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა რესურსი - იქნება ეს წყალი, ელექტროენერგია თუ ბუნებრივი აირი, ჩვენ უნდა მივაწოდოთ. ასევე კლასტერის წევრებს ე.წ. სერვისჰოლს ვთავაზობთ, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ის სერვისი, რაც მათ სჭირდებათ, თავმოყრილი იქნება ერთ ადგილას და ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ როგორც საბაჟო მომსახურებას, ასევე ფიტოსანიტარიასა და სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურებას. ამავე დროს, ჩვენ მიერ გაკეთებული ინფრასტრუქტურის მოვლაზე თავად ვიქნებით პასუხისმგებელნი. ამდენად, ინვესტორებთან საკმაოდ გრძელვადიანი ურთიერთობა გვექნება.

- გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიყიდვა კონსიტუციით აკრძალულია, როგორ იქცევით იმ შემთხვევაში, თუ "იმერეთის აგროზონაში" ინვესტირებით უცხოური კომპანია დაინტერესდა?

- მოგეხსენებათ, არსებობს მიწის რესურსების მართვის სააგენტო და როცა უცხოელი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვას გადაწყვეტს, უნდა შეიტანოს საინვესტიციო გეგმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სპეციალური საბჭო, რომელიც განიხილავს ამ გეგმას და შემდეგ თითოეულ შემთხვევაზე მინისტრთა კაბინეტი განკარგულებას გამოსცემს. ასეთია პროცედურა.

-  და ბოლოს, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 220 ჰა მიწის ფართობი სრულად ან ნაწილ-ნაწილ რომ გამოეტანა აუქციონზე გასაყიდად ან იჯარით გადასაცემად, კერძო სექტორის ინტერესი არ იქნებოდა? ანუ თქვენი აზრით, სასათბურე მეურნეობების კლასტერი სოფლის განვითარების სააგენტოს და შესაბამისად, სახელმწიფო შპს „იმერეთის აგროზონის“ შექმნის გარეშე ვერ განვითარდებოდა?

- რა თქმა უნდა, ვერ განვითარდებოდა. სახელმწიფომ საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა იმისთვის, რომ ამ პროექტს ასეთი სახე მიეღო. შევისწავლეთ ეს ტერიტორია მრავალი ასპექტით, მათ შორის გეოლოგიური თუ მარკეტინგული თვალსაზრისით. სახელმწიფოს როლიც ეს არის, რომ ასეთი პროექტები შექმნას მაშინ, როცა კერძო ინიციატივა არ არსებობს. ისე თავისუფალი მიწა ბევრია.