მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია „ჰერბიას“ დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ექსპორტზე უარს ამბობს, პროდუქციის მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის შენარჩუნების რისკია.
როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის დამფუძნებელმა განაცხადა, პროდუქციის ექსპორტზე შემოთავაზებები ხშირად აქვს, მაგრამ ჯერჯერობით, თავს იკავებს და თვლის, რომ ამით კომპანიის რეპუტაციასაც უფრთხილდება.
„ჩვენი წარმოების ფართობიდან გამომდინარე, იყო რისკი, რომ კომპანია შევიდოდა ევროპის ბაზარზე, მაგრამ ვერ შეასრულებდა ვალდებულებებს - ვერ უზრუნველყოფდა უწყვეტ მიწოდება და რაღაც პერიოდში უარყოფითი იმიჯით მოუწევდა ბაზრიდან გამოსვლა. ამიტომ ვთქვით, რომ სანამ მზად არ იქნება კომპანია, რომ ერთი პატარა ბაზარი მაინც დააკმაყოფილოს, არ გავალთ ექსპორტზე“, - განაცხადა ზურაბ ჯანელიძემ.
„ჰერბია“ Global Gap სერტიფიკატის მქონე კომპანიაა, რომელსაც სასუქის გამოყენების გარეშე მოჰყავს მწვანილი და ბოსტნეული. კომპანია წარმოებული პროდუქციის დაფასოებას და დისტრიბუციას საქართველოს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში ახორციელებს. „ჰერბიას“ სათბურები წყალტუბოსა და ბაღდათში 35 ჰა-ზეა გაშენებული.
წამყვანის კითხვაზე - „თუ „ჰერბიას“ პროდუქციაზე მოთხოვნა მაღალია, რატომ არ ახორციელებს დამატებით ინვესტიციებს სათბურების გაფართოებასა და წარმადობის გაზრდაში“ - ზურაბ ჯანელიძემ განაცხადა, რომ არსებული გეოპოლიტიკური არასტაბილურობის გათვალისწინებით, ძალიან რთულია, მასშტაბური ინვესტიციის განხორციელების რისკი ერთმა კომპანიამ აიღოს. „ეს შეიძლება საბედისწეროც აღმოჩნდეს“, - დასძინა მან.
საექსპორტო მასშტაბებსა და ბაზრებზე საუბრისას „ჰერბიას“ დამფუძნებელმა „იმერეთის აგროზონის“ სახელმწიფო პროექტი გაიხსენა, რომლისთვისაც მთავრობამ 2021 წელს, სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარებისთვის 220 ჰა მიწის ფართობი წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში გამოყო, მაგრამ ამ დრომდე ბიზნესის დაინტერესება ვერ შეძლო.
„იმერეთის აგროზონა“ - როგორ აპირებს მთავრობა წყალტუბოში €150 მილიონის მოზიდვას?
ზურაბ ჯანელიძის აზრით, ბოსტნეულის, მწვანილის და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო მოცულობების შესაქმნელად, საჭიროა, მსგავსი მასშტაბური სათბურების შექმნა.
- ამ კუთხით გვჭირდებოდა ზუსტად სახელმწიფოს გვერდში დგომა და ბევრი წელია ამ თემაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და პრემიერის აპარატთან ერთად ვმუშაობდით, რომ საქართველოში ისეთი ლოკაცია შექმნილიყო, სადაც მათ შორის ჩემი ჩართულობით და გამოცდილებით, მოხერხდებოდა ისეთი წარმოების შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებდა იმ მასშტაბებს და მოთხოვნებს, რასაც ევროპული ბაზარი ითხოვდა.
- „იმერეთის აგროზონის“ პროექტის მსგავსი წარმოების შექმნას გულისხმობთ?
- დიახ.
- 2021 წლიდან საუბრობს და ინვესტორებს იწვევს მთავრობა ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ინვესტორების დაინტერესება ჯერ ვერ შეძლო. როგორ ფიქრობთ, რატომ?
- ერთ ისტორიას მოგიყვებით... აღმოვაჩინე, რომ კენიაში 500-ზე მეტი Global Gap-ის მფლობელი კომპანია იყო და გამიჩნდა კითხვა - რატომ არიან იქ კომპანიები?! წავედი კენიაში. აღმოვაჩინე, რომ კენიის მთავრობამ ექსპორტის ხელშეწყობისთვის დაიწყო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ფართობები გამსხვილდა; დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული დაფინანსებით კი, დანერგეს ტექნოლოგიები, Global Gap-ის სტანდარტები, აეროპორტთან ახლოს ააშენეს ლოგისტიკური ცენტრები და წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე ევროპაში გააქვთ.
- „იმერეთის აგროზონას“ რა დავაკელით?
- ამ პროექტის კრიტიკოსად ვერ გამოვდგები...
- კრიტიკას არ გთხოვთ, უბრალოდ, საინტერესოა, რატომ ვერ დავაინტერესეთ ინვესტორები „აგროზონაში“ მიწის შეძენით და ინვესტირებით?
- ამ პროექტის ერთ-ერთი იდეოლოგი და მონაწილე ვარ, ამიტომ დავსვი კითხვა - რატომ უნდა ჩავერთო „იმერეთის აგროზონის“ განვითარებაში? პასუხად მივიღე, რომ მექნებოდა მოწესრიგებული კომუნალური მომსახურება და ლოგისტიკური მიმართულება; შემდეგ ვიკითხე, თუ ვისი საკუთრება იქნებოდა მიწა; პასუხები მაშინვე არ ჰქონდათ; მერე მითხრეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებული ბიზნესმენი შეისყიდდა ამ მიწებს, სადაც ააშენებდა სათბურებს, მაგრამ მაშინ იმდენად დიდი ფასი დაადეს ერთ ჰა მიწას, ძალიან გამიკვირდა ეს მიდგომა და გავიფიქრე - "არა მგონია, ეს იდეა ბიზნესად იქცეს-მეთქი“. ვფიქრობ, ინვესტორების დასაინტერესებლად მიწა სიმბოლურ ფასად უნდა გაიცეს, საინვესტიციო ვალდებულებით; ამ შემთხვევაში პროექტი განხორციელდებოდა. რამდენადაც ვიცი, ახლა რაღაც ახალი ძვრები იქნება და თუ საკითხი დაიძრა, „იმერეთის აგროზონა“ 200 ჰა-ზეა და ამ ფართობზე მოყვანილი ერთგვაროვანი პროდუქცია საშუალებას მისცემს ქართველ მეწარმეებს, თავის პროდუქტი ევროკავშირში გაიტანონ; ეს იოლია, თუ იქნება პროდუქციის კრიტიკული მასა გვექნება და ხარისხთან ერთად, მიწოდების უწყვეტობას შევძლებთ.
"იმერეთის აგროზონასთან" დაკავშირებულ გეგმებს და სიახლეებს bm.ge გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოიკითხავს.