მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია კომპანია „ჰერბია” აქციების გამოშვებას გეგმავს.
ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ განაცხადა.
“ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ ამ საკითხზე. შემოთავაზებაც გვქონდა; ახლა მეტს ვერაფერს ვიტყვი. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ცოტა დრო კიდევ გვჭირდება“, - ამბობს ბიზნესმენი.
2022 წელს გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების თანახმად, „ჰერბიამ“ პროდუქციის რეალიზაციით 12 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, კომპანიის წმინდა მოგება კი ₾1,5 მლნ იყო.
2023 წლის ანგარიშგება კომპანიას ჯერ არ გამოუქვეყნებია, მაგრამ როგორც ზურაბ ჯანელიძე bm.ge-სთან ამბობს, 2023 წლის შედეგებმა „მოლოდინს გადააჭარბა“.
„ჰერბია“ Global Gap სერტიფიკატის მქონე კომპანიაა, რომელსაც სასუქის გამოყენების გარეშე მოჰყავს მწვანილი და ბოსტნეული. კომპანია წარმოებული პროდუქციის დაფასოებას და დისტრიბუციას საქართველოს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში ახორციელებს. „ჰერბიას“ სათბურები წყალტუბოსა და ბაღდათში 35 ჰა-ზეა გაშენებული.
„ჰერბიას“ დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ექსპორტზე უარს ამბობს, პროდუქციის მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის შენარჩუნების რისკია.
როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის დამფუძნებელმა განაცხადა, პროდუქციის ექსპორტზე შემოთავაზებები ხშირად აქვს, მაგრამ ჯერჯერობით, თავს იკავებს და თვლის, რომ ამით კომპანიის რეპუტაციასაც უფრთხილდება.
„ჩვენი წარმოების ფართობიდან გამომდინარე, იყო რისკი, რომ კომპანია შევიდოდა ევროპის ბაზარზე, მაგრამ ვერ შეასრულებდა ვალდებულებებს - ვერ უზრუნველყოფდა უწყვეტ მიწოდება და რაღაც პერიოდში უარყოფითი იმიჯით მოუწევდა ბაზრიდან გამოსვლა. ამიტომ ვთქვით, რომ სანამ მზად არ იქნება კომპანია, რომ ერთი პატარა ბაზარი მაინც დააკმაყოფილოს, არ გავალთ ექსპორტზე“, - განაცხადა ზურაბ ჯანელიძემ.
წამყვანის კითხვაზე - „თუ „ჰერბიას“ პროდუქციაზე მოთხოვნა მაღალია, რატომ არ ახორციელებს დამატებით ინვესტიციებს სათბურების გაფართოებასა და წარმადობის გაზრდაში“ - ზურაბ ჯანელიძემ განაცხადა, რომ არსებული გეოპოლიტიკური არასტაბილურობის გათვალისწინებით, ძალიან რთულია, მასშტაბური ინვესტიციის განხორციელების რისკი ერთმა კომპანიამ აიღოს. „ეს შეიძლება საბედისწეროც აღმოჩნდეს“, - დასძინა „ჰერბიას“ დამფუძნებელმა და მფლობელმა.