მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კადრების დეფიციტია... გვჭირდება ადამიანები, რომელთაც ტექნოლოგიების მართვა შეუძლიათ“ – „ჰერბია“

640da4944ea6f
თინათინ ნატმელაძე
12.03.23 17:01
3673
„ჰერბიას“ დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე BM.GE-სთან გასულ წელს სექტორში გამოკვეთილი გამოწვევების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მთავარი პრობლემა კვალიფიციური კადრების დეფიციტია.

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ განვავითაროთ კადრები. გვჭირდება ისეთი ადამიანები მოვიძიოთ, ვისაც ახალი ტექნოლოგიების მართვა შეეძლება, ამის ხარჯზე კი კომპანიის საშუალო მოსავლიანობა გაიზრდება, თუმცა ამ ეტაპზე ეს სერიოზული დეფიციტი და გამოწვევაა. მუდმივად ვცდილობთ, რომ განვვითარდეთ, გავზარდოთ წარმოება და დასაქმებული ადამიანების რაოდენობა“, - აცხადებს ბიზნესმენი.

მისივე ცნობით, კომპანიას მეორე მნიშვნელოვანი დაბრკოლება რეალიზების პროცესში, ლოგისტიკის საკითხში ექმნება.

„გასულ წელს განსაკუთრებით გართულდა პროდუქციის ადგილამდე მიტანა, დისტრიბუციაში მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს - ეს არის საწვავის მაღალი ფასი, კომუნალური ხარჯები და ქალაქ თბილისში ქსელურ მარკეტებთან დისტრიბუტორებისთვის საპარკინგე ადგილების არარსებობა, რაც ძალიან ბევრ ჯარიმას და ხარჯს იწვევს“, - გვიყვება ზურაბ ჯანელიძე.

მიუხედავად დაბრკოლებების არსებობისა, კომპანიამ 2022 წელი კარგი შედეგით დაასრულა. როგორც „ჰერბიას“ დამფუძნებელი ამბობს, გაყიდვები 35%-ით გაზარდეს.

„ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გაყიდვები ყოველწლიურად გავზარდოთ, ჯამურად ყველა პროდუქტი, დაახლოებით, 1 500 ტონა გავყიდეთ. მიმდინარე წელს კი 40%-იან ზრდას ვგეგმავთ“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

რაც შეეხება ექსპორტს, ბიზნესმენი განმარტავს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ ექსპორტი შეაჩერეს, რადგან ამჟამინდელი წარმადობით ადგილობრივი და საექსპორტო მოთხოვნის ერთად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ. წარმოებული პროდუქტის რაოდენობის გაზრდის შემდეგ კი, როცა რეზერვების შექმნის შესაძლებლობა გაჩნდება, ექსპორტსაც გაახლებენ, რადგან ევროპის ბაზრებიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები