მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიძლება ადგილობრივმა წარმოებამ იმპორტირებულს კონკურენცია გაუწიოს? - ზურაბ ჯანელიძის მოსაზრება

640d866df37d2
თინათინ ნატმელაძე
12.03.23 13:22
1087
„იმისთვის, რომ იმპორტირებულ პროდუქციას კონკურენცია გავუწიოთ და ქართული პროდუქტის წარმადობა გავზარდოთ, სახელმწიფომ, რაღაც კუთხით, სუბსიდირება უნდა გაწიოს“, - განაცხადა „ჰერბიას“ დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ Bm.ge-სთან ინტერვიუში.

მისივე ცნობით, იმ ქვეყნებში, საიდანაც საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტები შემოდის, მათი დიდი ნაწილი სუბსიდირებულია, რაც პროდუქციის დაბალ ფასს განაპირობებს.

„საქართველოში მოთხოვნას ბაზარი არეგულირებს, აქ ძირითადი მასა მაღალი მსყიდველუნარიანობით არ გამოირჩევა, შესაბამისად თუ კი ვინმე ბაზარს დაბალ ფასს შესთავაზებს, მომხმარებელი იძულებულია არჩევანი ამ პროდუქტზე გააკეთოს. იმპორტირებული პროდუქცია კი საქართველოში წარმოებულზე ბევრად დაბალფასიანია, ამიტომ ადგილობრივ წარმოებას კონკურენციაში შესვლა საკმაოდ უჭირს, იმპორტიც ძალიან მაღალია, საკვები პროდუქტების 75-80% საზღვარგარეთიდან შემოდის“, - ამბობს ზურაბ ჯანელიძე.

„ჰერბიას“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ფერმერებისთვის არსებული ბევრი ხელშემწყობი პროექტისა, ამ გამოწვევის მოგვარებას კომპლექსური მუშაობა და სახელმწიფოს უფრო აქტიური ჩართულობა სჭირდება.

„საქართველოში ისეთი პროდუქტების წარმოებას უნდა შეეწყოს ხელი, რომლის იმპორტიც ხდება, ამისთვის კი საჭიროა, რომ რაღაც ფორმით ფერმერმა კონკურენტუნარიანი ხარისხისა და ფასის რეგულირება მოახერხოს, ამაში კი ყველა უნდა ჩაერთოს, რომ წერტილოვანი დარტყმები მიეყენოს იმპორტირებულ პროდუქტს, რომლის წარმოებაც საქართველოშიც შესაძლებელია.

პირველად წარმოებაში საჭიროა ხარისხიანი, სერტიფიცირებული სათესლე მასალა, მცენარეთა მოვლის კონტროლი, ტექნოლოგიების სწორი მართვა და ა.შ. ამ ყველაფრის გათვალისწინების შემდეგ უკვე შეგვეძლება, რომ იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებაზე ვიფიქროთ“, - განმარტავს ზურაბ ჯანელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები