მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია გაკონტროლდება-ვებ-გვერდების ვალდებულები

5e5fa7ba39302
ინგა მურუსიძე
04.03.20 18:45
989
ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია გაკონტროლდება, - აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ დებულება მიიღო.

როგორც bm.ge-ს კომისიიდან აცნობეს, დებულებით უწყებამ საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების წესები განსაზღვრა.

„კომისიის გადაწყვეტილებით, ინტერნეტში ბავშვების დაცვის მიზნით, განისაზღვრა ვალდებულებები, როგორც ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების, ისე ვებ-გვერდების მფლობელი კომპანიების მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 1 ივნისიდან შევა.

კომუნიკაციების კომისია 1 ივნისიდან მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი შვილები ონლაინ საფრთხეებისგან დაიცვან. მოგეხსენებათ, რომ მსგავსი ტიპის საფრთხეების შეფასებასა და შემცირებაში უპირატესი როლი სწორედ მშობელს აკისრია. იმისთვის, რომ მშობელს საფრთხეების შემცირების ეფექტური მექანიზმი ჰქონდეთ, ერთი მხრივ ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება შეიმუშაონ ისეთი მექანიზმები, რომლის საფუძველზეც, ექნებათ შესაძლებლობა კონკრეტული (აბონენტის) მშობლის მოთხოვნით, შეზღუდონ ისეთ ვებ-გვერდებზე წვდომა, რომელიც საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის.

მეორე მხრივ, კომისიამ ვებ-გვერდების მფლობელ კომპანიებს დააკისრა ვალდებულება საკუთარ ვებ-გვერდებს მიანიჭონ შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდება, კერძოდ, რომელი ასაკობრივი კატეგორიისთვისაა განკუთვნილი მათ ვებ-გვერდზე განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქცია.

ინტერნეტში ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისია უზრუნველყოფს ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტ ვებ-გვერდების სპეციალური სარეიტინგო სიის შედგენას და საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას, აღნიშნული სია ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების მიერ განახლდება კვირაში ერთხელ.

გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისია ბავშვებისა და მოზარდების ინტერნეტში უსაფრთხოდ ნავიგაციისთვის დამატებით საკუთარი ინიციატივით, შემთხვევით შერჩევის პრინციპით, განახორციელებს ინტერნეტ ვებ-გვერდების მონიტორინგს, იმისთვის, რომ დამატებითი ფილტრი შექმნას და გააკონტროლოს რამდენად ჯეროვნად ასრულებენ კომპანიები საკუთარი ვალდებულებებს“, - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციაში.
ინტერნეტში ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელი სამართალდამრღვევს ეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 144,11 მუხლის შესაბამისად.

კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტში ბავშვებისა და მოზარდების საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაცვის მიზნით, დებულება პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე დაამტკიცა.