მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტალურგიულ ქარხნებს ელენერგიის დღით ადრე ბაზარზე შენიშვნები აქვთ და მთავრობას მიმართავენ

61b34e4c8ffab
შოთა ტყეშელაშვილი
10.12.21 17:25
627
2022 წლის 1 მარტიდან საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება და მასში ჩართული მონაწილეებისთვის (არა საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის) ელექტროენერგიის ღირებულება ყოველდღიურად გამართულ აუქციონებზე დადგინდება. სისტემაში გაწევრიანდებიან ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტები - ჰესები და თბოსადგურები, ასევე დენის იმპორტიორები და მისი მსხვილი კორპორატიული მომხმარებლები. დღით ადრე ბაზარზე კომპანიები წარადგენენ მათი მოხმარების საორიენტაციო გეგმას, ხოლო გენერაციის ობიექტები კი გენერაციის გეგმებს და ვაჭრობის შედეგად ბირჟაზე ფასები დადგინდება. ეს ცვლილება საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია და მისი ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა. თავდაპირველად ის 2021 წლის ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, რის შემდეგაც 2022 წლის იანვრამდე გადავადდა, ახლა კი ბირჟის საქმიანობის დაწყება 2 მარტამდე გადავადდა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, სამინისტროს მიმართეს მეტალურგიულმა ქარხნებმა, რომელთაც ახალ სისტემასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. ასევე პოზიციები დააფიქსირეს ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებმაც და გარკვეული გამონაკლისების დაწესების სურვილი გამოთქვეს. თვალაბეიშვილის თქმითვე, გამონაკლისები შეეხება მზის და ქარის ობიექტებს, ასევე კონკრეტულ ჰიდროელექტროსადგურებსაც. გამონაკლისების სიას მთავრობა დაამტკიცებს.

"2022 წლიდან დაიწყება ორი ბაზრის ფუნქციონირება, ესენია დღით ადრე ბაზარი და საბალანსო ელექტროენერგიის ბაზაზრი. დღით ადრე ბაზარი შედარებით უფრო მარტივია და ამ მიმართულებით ნაკლები სირთულე გვაქვს. მე ვიცი, რომ ზოგიერთ მომხმარებელს და ზოგიერთ გენერაციულ ობიექტს შეიძლება ჰქონდეს წინასწარი პროგნოზების გაკეთების სირთულე თუ როგორი იქნება მოხმარება შემდგომი 24 საათის განმავლობაში. როგორც გენერაციის, ასევე მოხმარების მიმართულებით არსებობს ეს კითხვები.

სწორედ ამიტომ უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება სპეციალური ჩანაწერი კანონმდებლობის დონეზე, რომელიც მთავრობას მისცემს შესაძლებლობას გასცეს გარკვეული გამონაკლისები. ჩვენ ენერგო პროექტების დეველოპერებთან და GREDA-სთან, მის ხელმძღვანელ გიორგი აბრამიშვილთან ერთად უკვე შევიმუშავეთ გამონაკლისები მზის და ქარის პროექტებზე, ასევე ზოგიერთი ტიპის ჰიდრო პროექტებზე და ეს პროცესი გრძელდება. ჩვენ ასევე მოგვმართეს მეტალურგიულმა კომპანიებმა და მათაც აქვთ გარკვეული შეზღუდვები და ლიმიტაციები ამ მხრივ. ჩვენ დისკუსიისთვის გახსნილი ვართ, თუკი დავინახეთ საფუძვლიანი შეშფოთება, ჩვენ გადავდგამთ კონკრეტულ და შესაბამის ნაბიჯებს,” - USAID-ის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა.

ელექტროენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კიდევ საკითხს უკავშირდება, ესაა სახელმწიფოს მიერ ახალი ენერგეტიკული პროექტებისთვის დაფინანსების მიცემა. 2017 წლიდან სახელმწიფოს ენერეტიკული პროექტების ინვესტორებთან გარანტირებული შესყიდვების მემორანდუმების გაფორმება შეზღუდული აქვს. ამ ხელშეკრულებებით, რომელთაც PPA ტარიფები ეწოდებოდათ, მთავრობა ინვესტორს პროექტის განხორციელების ფინანსურ რისკებს უზღვევდა და იღებდა გარანტიას, რომ ჰესის აშენების შემდეგ წინასწარ დადგენილ თანხად შეეძინა ელექტროენერგია. მაგალითად, ეს ტარიფი შეიძლება ყოფილიყო 15 წლის განმავლობაში ზამთრის სეზონზე გამომუშავებული დენის 7 ცენტად შესყიდვა ან სხვა რაიმე ტარიფი, თუმცა IMF-მა მსგავს კონტრაქტებში სერიოზული ფინანსური რისკები დაინახა და მთავრობას მსგავსი მემორანდუმების გაფორმების რეკომენდაცია მისცა. 2017 წელს გამოცხადებული მორატორიუმის დროს მხოლოდ ორი გამონაკლისი დაიშვა, ეს იყო ხორომხეთი ჰესის პროექტი და ნამახვანის კასკადის პროექტი.

PPA ტარიფების ჩამნაცვლებლად სახელმწიფო ე.წ. Feed in Premium ტარიფებს განიხილავს. ამ ტარიფების მიხედვით, მთავრობა გადაიხდის არა სრულ ტარიფს, არამედ მის თანადაფინანსებას მოახდენს, ხოლო ფასები კი თავისუფალ ბაზარზე დადგინდება.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი სქემის მიხედვით, Feed in Premium-ის ტარიფის “დაზღვეული” ნაწილი იქნება 5.5 ცენტი. ანუ თუკი ბაზარზე ელექტროენერგიის სარეალიზაციო ფასი იქნება 5.5 ცენტზე დაბალი, მთავრობა გენერაციის ობიექტს გადაუხდის იმ თანხას, რაც მის 5.5 ცენტამდე შევსებისთვის იქნება აუცილებელი. თუმცა, მთავრობის თანადაფინანსების ლიმიტია 1.5 ცენტი. ანუ თუკი დენის საბაზრო ფასია 4 ცენტი, ბაზარზე არსებული მომხმარებელი მას 4 ცენტად შეიძენს, ხოლო სახელმწიფო გენერაციის ობიექტს, რომელთაცა Feed in Premium ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, 1.5 ცენტს დამატებით გადაუხდის. თუმცა თუკი საბაზრო ფასი 4 ცენტზე დაბალია, გენერაციის ობიექტის მისაღები შემოსავალი სახელმწიფო სუბსიდიის ჩათვლით 5.5 ცენტი ვეღარ იქნება. თუკი საბაზრო ტარიფი 5.5 ცენტზე მაღალი იქნება, ამ შემთხვევაში გენერაციის ობიექტი სახელმწიფოსგან 0 ცენტის თანადაფინანსებას მიიღებს.

იმისთვის, რათა ეს სისტემა ამოქმედდეს ჯერ ელექტროენერგეტიკულმა ბირჟამ უნდა დაიწყოს ფუნქციონირება, თუმცა ენერგეტიკის სფეროს ინვესტორებს, ბირჟის ამოქმედებამდეც აქვთ Feed in Premium სატარიფო სისტემასთან შენიშვნები და სახელმწიფოსგან PPA მექანიზმის აღდგენას ითხოვენ, რადგანაც მათთვის გარანტირებული სახით 10-15 წლით 7-8 ცენტის ელექტროენერგიის ტარიფი კომერციულად უფრო საინტერესოა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, სწორი სქემის შემუშავებისთვის მუშაობა გრძელდება.

“ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერის მექანიზმების ძიებას და მათ დახვეწას. მე ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება პროექტი თუ როგორ დავეხმაროთ განახლებადი ენერგიის პროექტებს, მაგალითად, ქარის სადგურების შემთხვევაში განსხვავებული მექანიზმი შეიძლება გვქონდეს ასევე მზისთვის სრულიად განსხვავებული.

თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ მხარდაჭერის ეს მექანიზმები დაკავშირებულია გარკვეულ ფისკალურ რისკებთან და ეკონომიკის სამინისტრო ამას სხვა უწყებებთან ერთად განიხილავს და მათაც საკუთარი შეხედულებები აქვთ თუ როგორ უნდა იყოს დახმარება და მათ აქვთ თავიანთი შეზღუდვებიც. თუმცა, მუშაობა გრძელდება და ადრე თუ გვიან და მე იმედი მაქვს, რომ ადრე, ჩვენ გვექნება დაფინანსების სისტემა, რომლის გამოყენებაც საქართველოს განახლებადი ენერგიების პროექტებზე შეეძლება,” - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

საქართველოს ენერგეტიკის სისტემა ყოველწლიურად უფრო მზარდი გამოწვევის წინაშეა, რადგან ენერგოპროექტები, რომლებიც ჯერ კიდევ წლების წინ უნდა დასრულებულუყო, ფინანსური პრობლემების თუ მოსახლეობის პროტესტის გამო გაჩერებული და გაყინულია.წელს სექტორს განსაკუთრებული დარტყმა ENKA-ს მიერ “ნამახვანჰესის” $800-მილიონიანი პროექტის განვითარებაზე უარის თქმამ მიაყენა, რასაც წინ საპროტესტო მოძრაობა და მთავრობის მიერ კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადებული მორატორიუმი უსწრებდა. არ არის გამორიცხული, კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟსაც მიმართოს და მიყენებული ზარალის კომპენსაციისთვის იდავოს. წელსვე სახელმწიფოს რუსულ Inter Rao-სთან გაფორმებული ხელშეკრულებების და მემორანდუმების დარღვევისთვის არბიტრაჟმა $80-მილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა, რადგანაც სახელმწიფომ არ შეასრულა პირობები, რომლებიც კომპანიისთვის დენის ტარიფის გარანტირებას შეეხებოდა. საკითხი ქართულმა მხარემ სტოკჰოლმის სასამართლოშიც გაასაჩივრა.