მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტს მნიშვნელოვანი საქმიანობის განსახორციელებლად 2 თვე დარჩა - „დემოკრატიის ინდექსი-საქართველო“

5f4e25478d8ec
BM.GE
01.09.20 15:00
891
"დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა ციმაკურიძემ “საქმიანი დილის” რუბრიკაში საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტს აღნიშნული სესიის წარმართვა პანდემიიდან გამომდინარე ამჯერად განსხვავებულ ვითარებაში მოუწევს. ციმაკურიძე მიიჩნევს, რომ ობიექტური მიზეზებით თემები დაგროვილია და პარლამენტი ყველაფერის განხილვას ორ თვეში ვერ მოასწრებს.

“პრაქტიკულად, პარლამენტს ორთვიანი ვადა დარჩა იმისთვის, რომ მან მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელება მოასწროს მაშინ, როდესაც ჩვეულ ვითარებაში მორიგი სასესიო პერიოდი დეკემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო. ამიტომ ეს გარემოებები პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს.

იმის გათვალისწინებით, რომ ცოტა დრო რჩება და დეპუტატები საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართულები იქნებიან, მნიშვნელოვანი იქნებოდა ის, რომ პარლამენტს მისი პრიორიტეტები გაეცხადებინა.

რა თქმა უნდა, პანდემიის გამო ობიექტური მიზეზებით თემები დაგროვილია და პარლამენტი ყველაფერს ორ თვეში ვერ მოასწრებს. პარლამენტი ამ ეტაპზე კონსტიტუციის გადასინჯვას ვერ მოახერხებს და შესაძლოა, დიდი რეფორმების დაწყება გონივრული არ იყოს, ასევე თუ დღის წესრიგში იმპიჩმენტის საკითხი დადგება, ვერ მოესწრება, თუმცა სხვა მხრივ კანონშემოქმედების და საზედამხედველო ფუნქციის გათვალისწინებით პარლამენტმა ჩვეულებრივ ვითარებაში მუშაობა უნდა გააგრძელოს“, - აღნიშნა ციმაკურიძემ.

ეკა ციმაკურიძის მოსაზრებითვე, საშემოდგომო სესიაზე, დღის წესრიგიდან ჩანს, რომ ერთ-ერთი განხილვის საგანი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები იქნება.

„შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასწრაფო საქმე. ალბათ ამ სიტუაციაში პარლამენტის მიდგომა ასეთიც უნდა იყოს, ადამიანები არასათანადო სამუშაო პირობების გამო იღუპებიან.

ასევე, საარჩევნო კანონმდებლობაში ოპოზიციის მიერ 10 მნიშვნელოვანი კანონპროექტია ინიცირებული, რომელსაც პარლამენტი არ განიხილავს და მისი გადავადება ხშირად ხდება. ასევე, საზედამხედველო კუთხით, პარლამენტში გასულ სასესიო პერიოდში რამდენიმე თემატური მოკვლევა დაიწყო და მას სათანადო განვითარება არ მოჰყოლია. გარემოს დაცვის კომიტეტს შეუძლია, რომ გარემოს ტყვიით დაბინძურებაზე კვლევა დაასრულოს, რაც დროში გაიწელა“, - აღნიშნა "დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს" ხელმძღვანელმა.