მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრობაზე ეკატერინე გალდავას კანდიდატურა წარადგინა

60d597a9d2f1b
ინგა მურუსიძე
25.06.21 12:44
1929
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კიდევ ერთი კანდიდატი წარადგინა.

როგორც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, სალომე ზურაბიშვილმა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატად ეკატერინე გალდავა წარადგინა.

ეკატერინე გალდავა ბოლოს შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ ხელმძღვანელობდა, თუმცა პოსტი 2020 წლის იანვარში მას შემდეგ დატოვა, რაც ზამთრის კურორტებზე წყალმომარაგების სერიოზული პრობლემა შეიქმნა. ამჟამად მას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მრჩევლის პოზიცია უჭირავს.

ინფორმაციისთვის: სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ სებ-ის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეები - ნიკოლოზ გაგუა და ეკატერინე მიქაბაძე წარადგინა.

დღეისთვის სებ-ის საბჭო 5 წევრისგან არის დაკომპლექტებული. მათ შორის სამი წევრი აღმასრულებელი უფლებამოსილების მატარებელია.

ამჟამად სებ-ის საბჭოს წევრები არიან:

კობა გვენეტაძე - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი;
არჩილ მესტვირიშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი;
პაპუნა ლეჟავა - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი;
რობერტ სინგლეტარი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი;
ნიკოლოზ ყაველაშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.

სებ-ის საბჭო 9 წევრამდე 2020 წლის საკანონმდებლო ცვლილებით გაიზარდა. იქამდე მასში 7 წევრი იყო, თუმცა მაშინაც 2 წლის განმავლობაში 7-დან 2 წევრის პოსტი ვაკანტური იყო. ეკატერინე მიქაბაძის, ნიკოლოზ გაგუას და ეკატერინე გალდავას დამტკიცების შემთხვევაში, სებ-ის საბჭოში 1 ვაკანტური პოზიცია დარჩება.