მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკრაინის გმირობის ფონზე კიდევ ერთხელ იხსნება ევროპის კარი... ახლა გაჩუმება დანაშაულია"

622070cb77787
ინგა მურუსიძე
03.03.22 11:42
1285
"ახლა გაჩუმება და არაფრის თქმა უბრალოდ დანაშაული იქნება ჩემი შვილების წინაშე. ეს ის მომენტია, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ერთად უნდა დადგნენ და გააგონონ ხმა მთელ მსოფლიოს", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში წერს. მთავრობის ყოფილი მეთაური საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრობს და ამბობს, რომ ახლა პოლიტიკურ ხედვებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩვენს ქვეყანას გაუჩნდა შანსი, დაუბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს. 

ნიკა გილაურის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მომენტი 90-იან წლების ბოლოს, 2000-იანების დასაწყისში მოხდა, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლისთვის ვიბრძოლეთ, ერთ-ერთ წინა ხაზზე ვიყავით ამ ბრძოლაში, თავისუფლებაც ერთ-ერთმა პირველებმა მოვიპოვეთ, მაგრამ ევროპასთან შეერთების, ნატო-ს გაფართოების ფანჯარა რომ გაიხსნა, მაშინ ეს მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მას მერე ათწლეულები გავიდა და ბევრჯერ ჩვენ თვითონ გვიღიარებია ეს შეცდომა, ბევრჯერ გვითქვამს, რომ ეს იყო იმ თაობის ყველაზე დიდი შეცდომა - ბალტიისპირეთმა მოახერხა და „გაძვრა“, ჩვენ კი ისევ პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩავრჩით.

მთელი უბედურება იმაშია, რომ - როგორც ისტორია გვაჩვენებს - ასეთი შანსები, გლობალური გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რეგიონში მცირე ქვეყნებს მხოლოდ 20-30 წელიწადში ერთხელ ეძლევათ. ჩვენი თაობისთვის (და შემდეგი თაობებისაც), ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა ახლაა: უკრაინის გმირობის და თავგანწირვის ფონზე კიდევ ერთხელ იხსნება ევროპის კარი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის (უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ვგულისხმობ). ამ შანსის გამოუყენებლობა ჩვენი თაობის უდიდესი დანაშაული იქნება ჩვენი შვილების წინაშე.

დღეს წყდება ჩვენ და ჩვენი შვილები ევროპულ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, გამდიდრებულ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, დემოკრატიულ და ახალი შესაძლებლობების ქვეყანაში ვიცხოვრებთ, სადაც ჩვენი შვილები შეძლებენ თავიანთი მიზნების მიღწევას, განათლების მიღებას განვითარებულ სამყაროში, საინტერესო და წარმატებული ცხოვრებით ცხოვრებას, თუ ისევ ისე პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში იცხოვრებენ, რუსეთის გუბერნიის პერსპექტივით, სადაც მოსკოვში გადაწყდება მათი ბედი.

ამ შანსის გაშვების შემთხვევაში 20–30 წლის შემდეგ აუცილებლად ვეტყვით ერთმანეთს - „მაშინ უკრაინა და მოლდოვაც კი როგორ გაძვრნენ და ჩვენ როგორ ვერ ავუღეთ ალღო იმ სიტუაციას? როგორ ვერ შევაფასეთ რა ხდებოდა? როგორ გვაჯობა ისევ რუსეთმა?“ ჩვენი შვილები კი აუცილებლად გაგვამტყუნებენ და დაგვაბრალებენ, რომ იმ მომენტში კონფორმიზმი ვარჩიეთ ბრძოლას, თავის დახრა და გაჩუმება ვარჩიეთ თავისუფლებას და მართლებიც იქნებიან.

მე დიდი ხანია არანარი პოსტი არ დამიწერია და არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა გაჩუმება და არაფრის თქმა უბრალოდ დანაშაული იქნება ჩემი შვილების წინაშე. ეს ის მომენტია, როდესაც საქართველოს ყველა მოქალაქე ერთად უნდა დადგეს და გააგონოს ხმა მთელ მსოფლიოს. ეს ის მომენტია, როდესაც მნიშვნელობა არ აქვს არც პოლიტიკურ ხედვას, არც მემარჯვენეობა-მემარცხენეობას და არც ვინ როგორ ინტერპრეტირებას უკეთებს წარსულს.

საქართველოს ისტორიული შანსი - დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, ახლა უდგება, რუსული აგრესიის, უკრაინელი ხალხის გმირობის და ევროპის გამოღვიძების ფონზე. ამის ფონზე უკან დახევა და ბოლომდე არ გატანა დანაშაულია. როგორც რაგბისტები შესძახებენ ხოლმე - „მიაწვაააააა!!!“, - წერს ნიკა გილაური.