მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ნავთობის ფასის ვარდნას საქართველოს ეკონომიკაზე?

5e67ae7f9e144
ეგნატე შამუგია
10.03.20 19:35
6725
გლობალურად ნავთობის ფასის ვარდნა ჩინეთს გარეთ, კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად დაიწყო, თუმცა ეს არ იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ორშაბათს - ერთი სავაჭრო დღის განმავლობაში ბარელი ნავთობის ფასი 30%-ით დაეცა. 

6 მარტიდან ნავთობის ფასმა მკვეთრი ვარდნა დაიწყო და ორშაბათს საერთაშორისო ფასმა 30.7 დოლარი შეადგინა. ამის მიზეზი კი რუსეთისა და საუდის არაბეთის მიერ შექმნილი ალიანსის ჩამოშლა აღმოჩნდა. ამ ორ ნავთობმომპოვებელ ქვეყანას შორის 2016 წლიდან არსებული შეთანხმების საშუალებით ნავთობმოპოვება და მოპოვების ლიმიტები კონტროლდებოდა. თუმცა, გასულ კვირის ბოლოს რუსეთმა შეთანხმების გაგრძელებაზე უარი განაცხადა. მოქმედ შეთანხმებას ვადა აპრილში ამოეწურება და ბაზარზე უფრო მეტი რაოდენობის ნავთობი გამოჩნდება.

შეთანხმების მიუღწევლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ფასებმა მყისიერი ვარდნა დაიწყო, რასაც საუდის არაბეთის პასუხიც დაემატა. საპასუხოდ არაბეთმა ფასების ომი დაიწყო. სწორედ, ასე უწოდებენ საერთაშორისო გამოცემები მიმდინარე მოვლენებს. მეორე მხრივ, მოსალოდნელია მოპოვების მკვეთრი ზრდა. ამდენად, რთულად წარმოსადგენია მოკლევადიან პერიოდში ნავთობის ფასები იმ ნიშნულს დაუბრუნდეს, რასაც ერთი კვირის წინ იკავებდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ნავთობზე ფასების კლება ამ უკანასკნელის წმინდა ექსპორტიორი ქვეყნებისთვის მძიმე დანაკლისია, მას ასევე, ნავთობმომპოვებელ ქვეყნებთან, ექსპორტის კუთხით, მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობის მქონე ეკონომიკებზეც უარყოფითი გავლენა ექნება. მათ რიგებს კი საქართველოც მიეკუთვნება, რადგან საქართველოს საექსპორტო ქვეყნების რიგებში ნავთობექსპორტიორებიც საკმაოდ არიან. შესაბამისად, ნავთობის ფასების ვარდნა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად აისახება.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორი საგარეო მოთხოვნა იყო. 2017-2018 წლებში საშუალო ეკონომიკური ზრდა 4.8%-ს შეადგენდა, სადაც წმინდა ექსპორტის კომპონენტი 3.7%-იანი ნიშნულზე იყო, ხოლო მოხმარება და ინვესტიციები კი - 1.0%. 

საქართველოში წარმოებული საქონელი და მომსახურებაზე მოთხოვნის მქონე ნომერ პირველი ქვეყანა აზერბაიჯანია. 2019 წლის მონაცემებით, მთლიანი ექსპორტის ყველაზე დიდი წილი, 13.2% ამ ქვეყანაში განხორციელდა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის ეკონომიკა ნავთობის ფასებზეა დამოკიდებული, რადგან ამ უკანასკნელის წმინდა ექსპორტიორია და მთლიანი ეკონომიკის ½ -ზე მეტი ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას უჭირავს. გარდა აზერბაიჯანისა, ფასების დაცემა რუსეთის საშუალებით საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება, რადგან რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორი რუსეთია, რომელსაც 2019 წლის მთლიან ექსპორტში 13.2%-იანი წილი უჭირავს.

ასეთივე ქვეყნების რიგს მიეკუთვნება ყაზახეთიც. მისმა წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 1.8% შეადგინა. ყაზახეთის ეკონომიკის დაახლოებით 1/3 კი ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას უკავია. გასული წლის მონაცემების მიხედვით, საერთო ჯამში საქართველოს ექსპორტის თითქმის 1/3 ნავთობის წმინდა ექსპორტიორ ქვეყნებში ხორციელდება, რომელთა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ნავთობის ინდუსტრიაა.

მაშინ, როცა ნავთობის ფასი ეცემა, ნავთობექსპორტიორ ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება მცირდება, რადგან ეკონომიკის სტრუქტურიდან და ნავთობის ინდუსტრიის წილიდან გამომდინარე, მოხმარების დაფინანსება დიდწილად ნავთობის ექსპორტიდან მიღებულ რესურსებს უკავშირდება. აღნიშნული კი - ამ ქვეყნების მიერ საგარეო მოთხოვნას ამცირებს და მათ იმპორტში აისახება, რაც სხვა ქვეყნებისთვის ექსპორტს წარმოადგენს.

მეორე მხრივ, ნავთობის ფასები და ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ეროვნული ვალუტა ერთმანეთთანაა დაკავშირებული. კერძოდ, თუ ნავთობის ფასი ეცემა ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით უფასურდება, რადგან ქვეყანაში ნაკლები დოლარი შემოდის. ეს კი საგარეო მოთხოვნაზე კიდევ ერთი დამატებითი წნეხია. ეროვნული ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში, ქვეყანას იმპორტი უძვირდება, რაც საგარეო მოთხოვნის ტემპს ანელებს.




ასეთი გამოცდილება 2014-2016 წლებში არსებობს. როცა 2014 წლის მეორე ნახევრიდან 2016 წლის პირველ ნახევრამდე ნავთობის ფასები 67.9%-ით შემცირდა. 

ნავთობზე ფასების თითქმის ორწლიანი ვარდნის ტენდენციამ აზერბაიჯანსა და რუსეთში რეცესია გამოიწვია. გარდა უშუალოდ ამ ქვეყნებისა, მთლიანად ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური ზრდის ტემპიც დაეცა, რადგან ეს ორი ქვეყანა რეგიონის ნაწილია და არსებული სავაჭრო ურთიერთობებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი გავლენა გააჩნიათ.

ამავე პერიოდს უკავშირდება საქართველოს მთლიანი ექსპორტის 27.4%-იანი შემცირება. 2014-2016 წლიან პერიოდში აზერბაიჯანში ექსპორტი 78.5%-ით, ხოლო რუსეთში 25.0%-ით შემცირდა. შედეგად, საქართველოს ეკონომიკის ზრდის კომპონენტებში წმინდა ექსპორტის რეალური მაჩვენებელი ზედიზედ სამი წელი მცირდებოდა, რამაც მთლიანი ზრდის 2.9%-იანი ნიშნული მოიტანა.

2014-2016 წლებში ნავთობის ფასების მკვეთრი დაცემის შედეგად, მთლიანად რეგიონში და განსაკუთრებით ძირითად სავაჭრო პარტნიორებში გართულებული მდგომარეობა საქართველოს ეკონომიკაზე თვალსაჩინოდ აისახა. მდგომარეობა კი 2017 წლიდან გაუმჯობესდა, როცა ნავთობის ფასებმა ზრდა დაიწყო. ამ პერიოდიდან აზერბაიჯანისა და რუსეთის ეკონომიკა რეცესიიდან გამოვიდა, რამაც მათი მხრიდან საგარეო მოთხოვნა გაზარდა. თავის მხრივ, საგარეო მოთხოვნის ზრდა დადებითად აისახა მთლიანად რეგიონზე და მათ შორის, საქართველოს ექსპორტზე.

საქართველოდან ექსპორტის 2017 წელს 60.6%-ით გაიზარდა, ხოლო მომდევნო წელს ეს მაჩვენებელი 40.9% იყო. საერთო ჯამში, 2017-2018 წლებში საქართველოს რეალური ეკონომიკა 10.0% გაიზარდა, ხოლო მთლიანი ექსპორტი 126.4%-ით, სადაც აზერბაიჯანში ექსპორტის 229.5%-ით, ხოლო რუსეთში 111.9%-ით გაიზარდა.

ზემოთ აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, თუ ნავთობის დაბალი ფასები შენარჩუნდა, მას საქართველოს და მთლიანად რეგიონის ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი გავლენა ექნება.