24.იანვარი .2020 20:20

რა სფეროები არის EBRD-ისთვის საქართველოში პრიორიტეტული

views 845
უკან

2019 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოში 325 მილიონი დოლარის ოდენობის წლიური ინვესტიციით, რომელიც კერძო და საჯარო სექტორში განხორციელებულ 21 პროექტს მოხმარდა, ახალი რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა. 

"მოხარული ვარ იმ შედეგებით, რასაც წელს საქართველოში მივაღწიეთ. ეს არის ადგილობრივ ოფისში პროფესიონალთა ძლიერი გუნდის და ყველა ჩვენი პარტნიორის, ადგილობრივი მეწარმეებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დამსახურება, რომლებიც ისწრაფვიან ხელი შეუწყონ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენი უცვლელი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყნის ნათელ მომავალს და გავაუმჯობესოთ ადამიანების ცხოვრება, - განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

ჰანსენის თქმით, EBRD-მა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის სექტორში, 2019 წელს საქართველოს დედაქალაქ თბილისისთვის დამატებით 200 ცალი თანამედროვე, დაბალძირიანი ავტობუსის, ასევე, ექვსი ქალაქისთვის - გორის, ქუთაისის, ფოთის, რუსთავის, თელავისა და ზუგდიდისთვის 175 ახალი ავტობუსის შეძენა დააფინანსა. 

"ჩვენ გვსურს, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ქალაქებში ახალი - მწვანე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამის ერთ-ერთი მაგალითია თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანის პროექტი, რომელიც გარემოს, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს ამცირებს. მწვანე ქალაქების პროექტი არის გლობალური ჩარჩო და თბილისი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამ პროექტს შეუერთდა და ძალიან მოხარულები ვართ, რომ მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებებს,"- ამბობს ჰანსენი.

ენერგეტიკის სექტორში, ბანკი განახლებადი ენერგიის გამომუშავების მხარდამჭერ პროექტებში არის ჩართული, მათ შორისაა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი. ამასთანავე, EBRD საქართველოს მთავრობასთან ერთად, ენერგეტიკის სფეროში განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის ამაღლებისთვის საკანონმდებლო ცვლილებებსა და რეფორმებზე მუშაობდა. 

კატარინა ბიორლინ ჰანსენის თქმით, EBRD–მა 2019 წელსაც განაგრძო საქართველოს კერძო სექტორის მხარდაჭერა, როგორც ადგილობრივი პარტნიორი ბანკებისთვის საკრედიტო ხაზებით, ასევე, პირდაპირ სასესხო დაფინანსების გამოყოფით. 

"ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ყველაფერი, რაც უკავშირდება ლოგისტიკის განვითარებას, კიდევ ერთი პრიორიტეტი უკავშირდება განახლებად ენერგიას, ასევე ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ ტურიზმის ინდუსტრიასაც, ვფიქრობ, რომ ეს სფერო საქართველოს ეკონომიკის დაბალანსებულად განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე ჩვენ გავაგრძელებთ საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერას, ასევე DCFTA-ის მოთხოვნებთან დასაახლოებლად დაფინანსებას, ასევე გვაქვს იმედი რომ მოგვეცემა შესაძლებლობა ვიმუშავოთ კომერციულ სექტორში, ვიმუშავოთ იმ კომპანიებთან, რომელთაც სურთ ჩვენთან ერთად თანამშრომლობა და მხარი დავუჭიროთ მათ ზრდას,"- ამბობს კატარინა ბიორლინ ჰანსენი. 

კატარინა ბიორლინ ჰანსენი "საქმიანი დილის" ეთერში:



დღემდე, EBRD-მა 249 პროექტით 4 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა