მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეიცვალა „აჭარა ჯგუფის ჰოლდინგის“ შექმნით - გეგმები და პროექტები

5f573392712d3
ვიქტორია მღებრიშვილი
08.09.20 23:00
1773
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კომპანია ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და ვთვლით, რომ დადგა ახალ ეტაპზე გადასვლის დროც” - ამის შესახებ “აჭარა ჯგუფის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„აჭარა ჯგუფში“ მიმდინარე ცვლილებების შესახებ BM.GE-ი გასულ კვირაში წერდა. რაც შეეხება ჰოლდინგის სამომავლო გეგმებს, ამ თემაზე რედაქციის კითხვებს „აჭარა ჯგუფის ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელს ვალერი ჩეხერიამ უპასუხა.

მისი ინფორმაციით, კომპანიის პროექტების სიმრავლიდან გამომდინარე საჭირო გახდა რესტრუქტურიზაცია, რომელშიც ორი მიმართულებები გამოიყო.

„აჭარა ჯგუფის ჰოლდინგს“ უხელძღვანელებს დირექტორთა საბჭო, რომელიც 7 ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული და იქნება კომპანიები, რომელთა მიმართულებაა სტუმარმასპინძლობა და აგრომიმართულება, – "იმაზე თუ რამდენი კომპანია იქნება ჰოლდინგში დეტალებზე საუბარი ჯერ არ შეგვიძლია, რადგან სტრუქტურულ გადაწყობაზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს“, - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.

„აჭარა ჯგუფის“ მიერ განსახორციელებელ პროექტებზე საუბრისას ჩეხერია აღნიშნავს, რომ პანდემიამ გარკვეული პროექტების განხორციელება შეაჩერა და ყველაფერი ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა ახალი პროექტების დამუშავება არ შეჩერებულა.

„სტუმარმასპინძლობის მიმართულება პანდემიის გამო, დღეისთვის თითქმის გაჩერებულია და ამ დროისთვის ვერ არის ისეთი აქტუალური, როგორც ეს მანამდე იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ სასტუმროების და სტუმარმასპინძლობის მიმართულებით პროექტები რაც გვქონდა დროებით შეგვეჩერებინა“, - აღნიშნა „აჭარა ჯგუფ ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა.

მან ის პროექტები დაასახელა, რომლის განხორციელებასაც კომპანია სტუმარმასპინძლობის მიმართულებით აპირებს.

„აუცილებლად აქტიურად ვიმუშაოვებთ აბასთუმანში სასტუმროს ამოქმედების მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ ტურისტული ადგილები, როგორიც არის აბასთუმანი და სხვა, პანდემიის დასრულების შემდეგ ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი იქნება. შესაბამისად ტურისტული სეზონისთვის მოვემზადებით რომ დავხვდეთ გამართულად და ახალი სასტუმროთი.

აბასთუმანში სასტუმროს გახსნა „რუმსის“ ბრენდის ქვეშ იგეგმება, ვადებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა დაფინანსებაზე პარტნიორ ბანკებთან ვმუშაობთ და იმედი გვაქვს უახლოეს მომავალში დავიწყებთ პროექტის განხორციელებას. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 12 მლნ დოლარი იქნება“, - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.

„აჭარა ჯგუფ ჰოლდინგი“ „რუმსის“ ბრენდის ქვეშ სასტუმროს გახსნას ბათუმშიც გეგმავს, თუმცა ესეც ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.

„გეგმაში გვაქვს ასევე ბათუმში სასტუმრო "რუმსის" გახსნა, თუმცა ისევ და ისევ მდგომარეობიდან გამომდინარე... დღეისთვის თუნდაც დაფინანსების მოპოვების საკითხი დროში უფრო გაწელილია...

ძალიან რთულია ამ გადმოსახედიდან იმსჯელო როგორი იქნება შემოდგომა-ზამთარი. დაველოდებით როგორ განვითარდება მოვლენები - როდის გავიხსნებით, როგორი იქნება ახალი ტურისტული მიმართულებები, როდის აღდგება ფრენები და დაბრუნდება პანდემიამდე არსებული ტურისტული ბუმი.

არ გვინდა რომ კონკრეტული ინვესტიციები განვახორციელოთ და თავისი შემოსავლები არ ჰქონდეს რომელიმე კონკრეტულ პროექტს“, - განმარტა ჩეხერიამ.

რაც შეეხება აგრომიმართულებას, ვალერი ჩეხერიას თქმით, ეს ერთ-ერთი პრიორიტებული მიმართულება იქნება ჰოლდინგისთვის.

„აგრო მიმართულება მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადია, ამიტომ მიგვაჩნია რომ ეს ზუსტად ბიზნესის ის დივერსიფიკაციაა, რომელსაც ჯგუფი ვაკეთებთ, რომ სოფლის მეურნეობა უფრო გავაძლიეროთ. ამაში ვგულისხმობ უდაბნოს პროექტს, რომელიც თავის მხრივ ძალიან ბევრ პროექტს მოიცავს, როგორიც არის ნუშის ბაღები, კენკრა და ა.შ.“, - აღნიშნა „აჭარა ჯგუფის ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, „აჭარა ჯგუფი“ მუხიანის რადიოქალაქის პროექტს ახორციელებდა, რომელიც პანდემიის გამო 1 წლით გადავადდა.