მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარა ჯგუფში" ცვლილებებია – დირექტორთა საბჭოს ვალერი ჩეხერია უხელმძღვანელებს

5f4e759c015b4
თამთა ჯიჯავაძე
01.09.20 20:30
10358
„აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელი ხელმძღვანელი ვალერი ჩეხერია ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა. როგორც Bm.ge-ს თავად ჩეხერიამ განუმარტა, დირექტორთა საბჭოში სულ შვიდი ადამიანი იქნება, მათ შორის არიან „აჭარა ჯგუფის“ მმართველი დირექტორი ლევან ბერულავა, ჯგუფის მფლობელი და დამფუძნებელი თემურ უგულავა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძეც, რომელიც ახლახან შეუერთდა „აჭარა ჯგუფს“.

გარდა ამისა, როგორც ჩეხერიამ განაცხადა, საბჭოში შევლენ „აჭარა ჯგუფის“ სხვა თანამშრომლები, დირექტორები, მათ შორის მარკეტინგული და ფინანსური მიმართულებით.

„კომპანიაში სტრუქტურული ცვლილება გვაქვს. შეიქმნა დირექტორთა საბჭო, რომელიც ყველა პროექტს უფრო გლობალურად  შეხედავს. არა მხოლოდ სტუმარმასპინძლობის, არამედ სხვა მიმართულებებსაც. ჩვენ კიდევ უფრო მეტ პროექტს მოვუტანთ ქვეყანას“, – აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.

მისივე თქმით, ჯგუფს აღმასრულებელი დირექტორი აღარ ეყოლება. ჰოლდინგის ქვეშ იქნება კომპანიები, რომელთაც ეყოლებათ დირექტორები ქვედა დონეზე.

„დადგა დრო რომ სტუმარმასპინძლობის სექტორის კრიზისის გამო, ბიზნესის დივერსიფიკაცია მოვახდინოთ და კიდევ უფრო გავაფართოვოთ საქმიანობის არეალი. გვინდა, რომ დიდი ყურადღება დავუთმოთ სოფლის მეურნეობის განვითარებას. ეს სფერო სასტუმრო და რესტორნების ბიზნესთან დაკავშირებულია, გარდა ამისა, ამ მიმართულებით ვხედავთ დიდ მომავალს“, – განაცხადა ჩეხერიამ.

ინვესტიციების მოცულობისა და ახალი მიმართულებების შესახებ დასმული კითხვის პასუხად, ჩეხერიამ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ახლა დაიწყო ამაზე მუშაობა და ახალი პროექტები ეტაპობრივად გახორციელდება.

ცნობისთვის, "აჭარა ჯგუფი" სწრაფად მზარდი ქართული კომპანიაა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, რომელიც აგრობიზნესის სფეროს განვითარებასაც ემსახურება.

2010 წელს კომპანიამ ქართულ ბაზარზე საერთაშორისო სასტუმროების ქსელი Holiday Inn შემოიყვანა.

"აჭარა ჯგუფის" მიერაა შექმნილი ისეთი თანამედროვე ქართული ბრენდები, როგორიცაა Rooms Hotel - თბილისში, ყაზბეგსა და ბაკურიანში, ასევე Stamba Hotel და Fabrika Hostel.