მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სილქ როუდთან" დაკავშირებულ კომპანიას ელბაქიძეზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებს სურს

5d9afec98134f
ელენე გოგბერაშვილი
07.10.19 15:54
2351

თბილისში, სანაპიროს ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია „ცენტრ პლაზა“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას აპირებს. როგორც bm.ge-ის თბილისის მერიაში განუცხადეს, კომპანიამ ურბანული განვითარების სამსახურში უკვე წარადგინა ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმარებითი დავალება, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

პროექტი ელბაქიძის აღმართთან მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 17-სართულიანი 5 შენობის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელშიც საცხოვრებელი, კომერციული, სასტუმრო და საოფისე ფართები შეიძლება განთავსდეს. პროექტი ითვალისწინებს ასევე 400 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობას.



საპროექტო ტერიტორია 7 მიწის ნაკვეთისგან შედგება, საიდანაც ერთ-ერთი სს თელასის მფლობელობაშია, რაზეც ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე მოლაპარაკება.

რაც შეეხება თავად კომპანია „ცენტრ პლაზას“, ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, „ცენტრ პლაზას“ 100%-იან წილს „ესარჯი რიალ ისთეითი“ ფლობს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი მალტაში რეგისტრირებული კომპანია „კომოდონ ჰოლდინგ ლიმიტედია“. თავის მხრივ, ეს კომპანია რამდენიმე კომპანიაში ფლობს წილს, მათ შორის მის საკუთრებაშია „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგის“ 100%-იანი წილი.

"სილქ როუდ ჯგუფში" გვიდასტურებენ, რომ მრავალფუნქციური კომპლექსი მათი პროექტია. 

როგორც bm.ge-ის „სილქ როუდ ჯგუფში“ განუცხადეს, კომპლექსი არის მულტიფუნქციური და შედგება როგორც საცხოვრებელი, სასტუმრო, ისე სავაჭრო და საოფისე ფართებისგან.

წინასწარი გათვლებით, პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი დაახლოებით, 65 მლნ დოლარია.


მათი თქმით, მშენებლობის დაწყება დამოკიდებულია პროექტის მომზადების და დამტკიცების დროზე, რაც სულ ცოტა 1 წელი მაინც გაგრძელდება.

"უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტოებზე ასახულია პროექტის მოცულობა და სართულიანობა და არა რენდერები.

საქანელას ქუჩის ტერიტორია 2007 წლიდან იმყოფება „სილქ როუდ ჯგუფის საკუთრებაში. ამ წლების განმავლობაში ამ ტერიტორიის რამდენიმე პროექტი მომზადდა. გავრცელებულ ფოტოებზე ასახულია მოცულობები, რომელიც მოამზადა ქართულმა არქიტექტურულმა კომპანია “მიდამომ" ისტორიული საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით. პროექტში ჩართულია მსოფლიო დონის გერმანული კომპანია "გრაფტი", (www.graftlab.com). რომელიც ასევე არის სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიის" ავტორი.

"გრაფტის" მონაწილეობით მოხდება პროექტის შემდეგი ეტაპის დამუშავება. ზოგადად, ამ პროექტის დამუშავება ხდება რესპუბლიკის მოედნის ერთიანი განვითარების ფარგლებში, რაზეც უახლოეს მომავალში დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით”, - აცხადებს გიორგი მარრი „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების პროექტების დირექტორი.