მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 ნოემბრიდან რუსეთში ხორბლის საექსპორტო გადასახადი $70-მდე გაიზრდება - Interfax

617bd167029d4
ვიქტორია მღებრიშვილი
29.10.21 15:54
777
რუსეთის ფედერაციიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადი 10 ნოემბრიდან 69.9 დოლარამდე გაიზრდება. ინფორმაციას რუსული გამოცემა Interfax-ი რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხორბლის ექსპორტზე მოქმედი მცურავი ბაჟი 1 ტონაზე 61.3 დოლარიდან 67 დოლარამდე 27 ოქტომბრიდან გაიზარდა.

აღსანიშნია, რომ ამავე პერიოდიდან საბაჟო გადასახადი სხვა მარცვლეულ კულტურებზეც იზრდება და 1 ტონა ქერზე ექსპორტის გადასახადი 54.8 დოლარით (42.6 დოლარიდან), ხოლო სიმინდზე - 50.1 დოლარით (49.7 დოლარიდან) განისაზღვრება. მარცვლეულის ცალკეულ კულტურაზე საბაჟო გადასახადი 16 ნოემბრამდე იქნება აქტიური, ხოლო შემდეგ გადაიხედება.

გამოცემა აზუსტებს, რომ მცურავი ბაჟი არსებული ფასების საფუძველზე დგინდება. ამ შემთხვევაში რუსეთში 1 ტონა ხორბლის ღირებულება 299.9 დოლარამდე (1 კვირით ადრე ხორბლის ფასი 295 დოლარი იყო), ქერზე - 263,6 დოლარამდე (245.9 დოლარი), სიმინდზე კი 256.6 დოლარამდე გაიზარდა (256 დოლარი).

ცნობისთვის: რუსეთი ფედერაციამ მარცვლეულ კულტურებზე მცურავი ბაჟის მექანიზმი მიმდინარე წლის 2 ივნისიდან აამოქმედა. ექსპორტის გადასახადი ყოველკვირეულად საფასო მაჩვენებლების საფუძველზე ითვლება, რომელიც მოსკოვის ბირჟაზე საექსპორტო კონტრაქტების ღირებულებით განისაზღვრება.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის სეზონის მიხედვით, რომელიც 30 ივნისს დასრულდა, რუსეთიდან 49 მლნ ტონა მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდა, საიდანაც 38.4 მლნ ტონა ხორბალი იყო. მიმდინარე სეზონის მოთხოვნა კი 45-48 მლნ ტონაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის მარცვლეული კულტურების, კონკრეტულად კი ხორბლის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. მიმდინარე წლის 9 თვეში ხორბლის იმპორტი 15.6%-ით შემცირდა და შემოსული 282 866.82 ტონა იმპორტირებული პროდუქტის ღირებულებამ 67.8 მლნ დოლარი შეადგინა. ხორბლის იმპორტის კლების პარალელურად ქვეყანაში ხორბლის ფქვილის იმპორტი გაორმაგდა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 16 430.9 ტონა ფქვილის შესაძენად ქვეყნიდან 4.9 მლნ დოლარი გავიდა. შესაბამისად, იმპორტი 115.5%-ითაა გაზრდილი. ფქვილის შემთხვევაშიც მთავარი საიმპორტო ქვეყანა რუსეთია, თუმცა ამ პროდუქტთან მიმართებით რუსეთში საექსპორტო გადასახადი დაწესებული არ არის.