მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 თვეში საგზაო ბიტუმის რეკორდულად მაღალი იმპორტი დაფიქსირდა

5dc45a71429f4
BM.GE
07.11.19 21:50
1246
მიმდინარე წელს საგზაო ბიტუმის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. მსგავსი სტატისტიკა ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ყოფილა. აღნიშნული პროდუქტი არ საწყობდება და ის ძირითადად მოხმარებაში გადის (გზების მშენებლობისათვის). ამის შესახებ ნავთობიმპორტიორთა კავშირი იტყობინება.

მათივე ცნობით, 2019 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 19,8 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. აქედან იმპორტის 54,0% (10,7 ათასი ტონა) მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 5,2 ათასი ტონა (26,3%), აზერბაიჯანი - 3,7 ათასი ტონა (18,7%), თურქეთი - 0,1 ათასი ტონა (0,5%).

ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 150,3 ათასი ტონა, რაც 73,0 ათასი ტონით ანუ 87,6 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (83,3 ათასი ტონა).

ამასთან, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2019 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,7 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის ოქტომბრის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,42 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: ირანი - 0,41 ათასი ტონა (23,4%), რუსეთი - 0,25 ათასი ტონა (14,3%), გერმანია - 0,18 ათასი ტონა (10,3%) და სხვ.

ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 16,4 ათასი ტონა, რაც 0,7 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

2019 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 2,1 ათასი ტონა, რაც 3,3 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის ოქტომბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 100% განხორციელდა თურქმენეთიდან.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში კი საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 83,0 ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (83,6 ათასი ტონა).

„საავიაციო ნავთის იმპორტის კლება უკავშირდება საქართველო-რუსეთის ავიარეისების შეჩერებას. რომ არა რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვა, წლის დასაწყისიდან დაწყებული იმპორტის ზრდის პოზიტიური ტენდენცია კვლავ გაგრძელდებოდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, 2019 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,6 ათასი ტონა, რაც სექტემბრის თვის მაჩვენებლის ფაქტიურად ანალოგიურია.
ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 14,3 ათასი ტონა, რაც 2,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (11,9 ათასი ტონა).

ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი თხევადი აირის იმპორტი, რაც დაკავშირებულია მის საავტომობილო საწვავად გამოყენებასთან. მიმდინარე ეტაპზე 200-მდე გასამართი სადგური ახორციელებს ავტომობილის თხევადი აირით გამართვას. ეს სტატისტიკა მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება.