მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 წელში მთავრობამ დონორებისგან 25 მილიარდის კრედიტები და გრანტები მიიღო

640202354ab98
შოთა ტყეშელაშვილი
03.03.23 18:48
4304
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2013-2023 წლებში საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო დონორებისგან 25.3 მილიარდი ლარის ფინანსური რესურსი მიიღო. მათ შორის 3.9 მილიარდი ლარი საგრანტო დახმარებას, 21.5 მილიარდი კი შეღავათიან საკრედიტო დაფინანსებას წარმოადგენდა.

დონორული დახმარების უდიდესი ნაწილი საქართველოში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაზე, ასევე COVID-19-ის პანდემიის დროს საბიუჯეტო დახმარებაზე დაიხარჯა.

გასული წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ყველაზე დიდი მოცულობის გრანტი 2019 წელს აიღო, რაც 490 მილიონ ლარს შეადგენდა. ყველაზე დიდი საკრედიტო დახმარება კი ქვეყანამ 2020 წელს მიიღო, რაც 5.2 მილიარდ ლარს შეადგენდა. 2023 წელს მთავრობა 279 მილიონი ლარის საგრანტო და 2.24 მილიარდი ლარის საკრედიტო დაფინანსებას მიიღებს დონორებისგან.

საქართველოს უმსხვილესი დონორები საკრედიტო მიმართულებით მსოფლიო ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; ევროპის საინვესტიციო ბანკი; გერმანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო არიან.

დონორული მიმართულებით კი პირველ ადგილზე ევროკავშირია. 2023 წელს საქართველოს მთავრობა ევროკავშირის სტრუქტურებისგან 140 მილიონი ლარის გრანტებს მიიღებს.