მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11-16 აპრილი: კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

625c26bf422c0
ირაკლი მაკალათია
17.04.22 18:39
1543
გთავაზობთ გასული კვირის (11-16 აპრილი, 2022) TOP-10 ეკონომიკურ მოვლენას.

1. საქართველოს მთავრობამ EU-ს კანდიდატობის კითხვარი მიიღო
2. მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა
3. 2022 წლის იანვარ-მარტის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა
4. მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტზე მთავრობა 120 მლნ ლარს დახარჯავს
5. პური ძვირდება
6. საზღვაო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები და პორტების ოპერატორებს შორის “ომი”
7. ნავთობის ფასი ისევ იზრდება
8. პენსიების გამცემი ბანკის შესარჩევად მთავრობამ 105 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა
9. საქართველოს საგარეო ვალი და კრედიტორების სია
10. მარტში ფულადი გზავნილები 2,6%-ით გაიზარდა.

1. საქართველოს მთავრობამ EU-ს კანდიდატობის კითხვარი მიიღო

3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი წარადგინა. გასულ კვირას კი მთავრობამ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი მიიღო, რომელი 369 კითხვისგან შედგება. კითხვარი მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს და აღნიშნული დოკუმენტის პირველი ნაწილი მთავრობამ უკვე გაასაჯაროა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/382eV9O ; https://bit.ly/3jS6xfn 

2. მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა

მსოფლიო ბანკმა 2022 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წინა შეფასებასთან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით შეამცირა და 2.5%-ით განისაზღვრა. 2023 წლის პროგნოზი კი 5.5% იქნება. ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება ომის გავლენას უკავშირდება, რაც საგარეო ვაჭრობის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მაჩვენებლებზე აისახება. რაც შეეხება ადგილობრივ შეფასებებს, თიბისი კაპიტალის მაკრო მიმოხილვის თანახმად, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იანი ზრდა არის პროგნოზირებული.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/37SavSG ; https://bit.ly/3K1Jp9f 

3. 2022 წლის იანვარ-მარტის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა

2022 წლის იანვარ-მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტი 43.3%-ით გაიზარდა და 1 171.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 35.8%-ით გაიზარდა და 2 695.0 მლნ აშშ დოლარი გახდა. კონკრეტულად მარტში, როგორც წინა წლის, ასევე პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით გაიზარდა როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი, თუმცა ომის გავლენის შედეგად, წინა თვესთან შედარებით ექსპორტი 4,1%-ით, ხოლო იმპორტი 10,3%-ით შემცირდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3jGLbSp ; https://bit.ly/3jIh9xu 

4. მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტზე მთავრობა 120 მლნ ლარს დახარჯავს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე საკუთრების უფლება მრავალი ათასი მოქალაქისთვის სრულად არ არის რეალიზებული, ხოლო 1 200 000 ჰა მიწის ნაკვეთი გამოთიშულია ეკონომიკური ბრუნვიდან. ამიტომ, იუსტიციის სამინისტრო მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლამდე დაასრულებს. პროექტზე 120 მილიონი ლარი დაიხარჯება, საიდანაც 15 მილიონი ლარი მსოფლიო ბანკის კონტრიბუციაა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3jNNSBI ; https://bit.ly/3xveRd5 

5. პური ძვირდება

„იფქლი დიღომის“ დირექტორის ნისან იოსებაშვილის თქმით თეთრი “ბატონის” პურის ფასი ბოლო ერთ კვირაში 10 თეთრით გაიზარდა. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ კარგი მოსავლის შემთხვევაში ფასს შეინარჩუნებენ. პურის მცხობელთა ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ მაისიდან პური, სავარაუდოდ, 20 თეთრით გაძვირდება. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ხორბალზე ფასის მატების შემთხვევაში მთავრობა კონკრეტული ღონისძიებების გატარებაზე იმსჯელებს. საქსტატის მონაცემებით, მარტში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ხორბლის პურის ფასი 24,5%-ით გაიზარდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3KX0FOc ; https://bit.ly/3rz1gxQ 


6. საზღვაო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები და პორტების ოპერატორებს შორის “ომი”

პარლამენტში განიხილება საზღვაო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, მოქმედი პორტების ოპერატორები ვალდებულნი იქნებიან, პორტში შესასვლელი არხების მოვლა-პატრონობაზე; ასევე გემების გატარებაზე ოპერატორებს ერთმანეთისათვის საკომისიოს დაწესება ეკრძალებათ. ფოთის პორტის ოპერატორი APM Terminals-ი ცვლილებებს ეწინააღმდეგება და თვლის, რომ შემოთავაზებული რეგულაცია იმდენად მძიმეა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვას არ გამორიცხავს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3OkmBVu ; https://bit.ly/3jNbiXD ; https://bit.ly/3uQfiNF 

7. ნავთობის ფასი ისევ იზრდება

საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა და Brent-ის ტიპის ნავთობზე ბარელის ფასი 111 დოლარს აჭარბებს. აღნიშნულის მიზეზია ჩინეთში კოვიდ-რეგულაციების მოხსნა და ეკონომიკური აქტივობის აღდგენის შედეგად წარმოქმნილი მოთხოვნის ზრდა, ასევე რუსეთიდან მიწოდების შეფერხების საფრთხე და რისკის ზრდა, რომ მიწოდების ჯაჭვში პრობლემები შეიძლება გაჩნდეს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3jKFUcp ; https://bit.ly/3KWN21u ; https://bit.ly/3rwmSuC 

8. პენსიების გამცემი ბანკის შესარჩევად მთავრობამ 105 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა

სოციალური მომსახურების სააგენტომ პენსიებისა და სოციალური გასაცემლების პროვაიდერი ბანკის შესარჩევად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 105 მილიონი ლარია და ის ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 1 იანვრამდე იქნება. ტენდერში ბანკების შერჩევა ორი კრიტერიუმის მიხედვით მოხდება: პირველი - რომელი ბანკი უფრო იაფად შეასრულებს სახელმწიფო სერვისს და მეორე - საპენსიო ასაკის პირებისთვის გასაცემი საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის მოცულობა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3OfvCPA 

9. საქართველოს საგარეო ვალი და კრედიტორების სია

2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8.08 მილიარდი აშშ დოლარია, საიდანაც ყველაზე მეტი ვალი მსოფლიო ბანკისგან აქვს აღებული (2.02 მილიარდი აშშ დოლარი), მეორე-მესამე ადგილებზე აზიის განვითარების ბანკი (1.86 მილიარდი აშშ დოლარი) და ევროპის საინვესტიციო ბანკია (802 მილიონი აშშ დოლარი).
სრული სია იხილეთ: https://bit.ly/3JSYc5Q 

10. მარტში ფულადი გზავნილები 2,6%-ით გაიზარდა

მარტში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფულადი გზავნილები 2.6%-ით გაიზარდა და 193.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტი გზავნილის მიხედვით, ტოპ ხუთეულში შემდეგი ქვეყნები შედიან: იტალიიდან (მთლიანი გზავნილების 18,6%), რუსეთის ფედერაციიდან (14,0%); აშშ-დან (13,5%); საბერძნეთიდან (9,8%) და ისრაელიდან (8,8%).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3vlCyCb