22.აპრილი .2021 11:35

12 ბიზნესასოციაციის მიმართვა პრემიერს - კერძო სექტორი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს

12 ბიზნესასოციაციის მიმართვა პრემიერს -  კერძო სექტორი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს
views 1990
უკან

12 ბიზნესასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. როგორც BM.GE-ს დარგთაშორისი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა შოთა ბურჯანაძემ განუცხადა, კერძო სექტორთან კომუნიკაციის სურვილი პრემიერმა მსხვილი ბიზნესის წარმომამდგენლებთან შეხვედრისას გამოთქვა - საქართველოს სხვადასხვა სექტორში მოქმედი ასოციაციები სწორედ ამ ინიციატივას ეხმიანებიან.

შოთა ბურჯანაძის თქმითვე, ისინი პრემიერს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის 6-პუნქტიანი ინიციატივით მიმართავენ, რომელშიც უპირველესი მოთხოვნა კომენდანტის საათის გაუქმებაა.

BM.GE-ი დარგთაშორისი გაერთიანებული პლატფორმის პრემიერისადმი მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„დარგთაშორისი გაერთიანებული პლატფორმის ამ ინიციატივის მიზანია, გვერდში დავუდგეთ მთავრობას, რათა ქვეყანამ ეკონომიკური პრობლემები ნაკლები დანაკარგით დაძლიოს. მთავრობამ არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა, მათ შორის თქვენი უშუალო მონაწილეობითაც, დიდი შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ქვეყნის გახსნის პროცესი, რომელიც აუცილებელია ეკონომიკის გადარჩენისათვის, ნელი ტემპით მიდის. სხვადასხვა სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენელთა და ეპიდემიოლოგთა განცხადებები კი მიგვანიშნებს, ქვეყანაში ხელახალი ლოქდაუნის საშიშროებაზე (ე.წ. მესამე ტალღა).

ქვეყნის ეკონომიკა წელიწადზე მეტია ნაწილობრივ ჩაკეტილია. 6 თვე კი სრული ლოქდაუნი გვაქვს, რაც ჩვენი, საკმაოდ ღარიბი ქვეყნისთვის, ყოვლად დაუშვებელი "ფუფუნებაა". ქვეყანას უამრავი საერთაშორისო საფინანსო ვალდებულება აქვს აღებული, რომელსაც გასტუმრება ესაჭიროება. ამისი ერთადერთი გარანტი ამოქმედებული ბიზნესსექტორია, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის მთავარი შემავსებელია.

აუცილებელია:

1. სასწრაფოდ მოიხსნას კომენდანტის საათი:
ქვეყანაში სამუშაო პროცესები 4-5 საათით ადრე წყდება, რის გამოც ეკონომიკა ყოველდღიურად მილიონობით ლარის ზარალს იღებს. ინიშნება ფრენები, იხსნება სახმელეთო საზღვრები, შემოდის ტურისტი, არადა 8 საათზე ჩაბნელებული და გაუკაცრიელებული ქვეყანა სინამდვილეში ანტიპიარის ტოლფასია.

2. ქვეყანაში დაიწყოს ტურისტული სეზონისათვის აქტიური მზადება:
ასეთი მზადების მაგალითს არაერთი ტურისტული ქვეყანა აჩვენებს, მაგალითად თურქეთი. იმისათვის, რომ ეროვნული ვალუტა გამყარდეს, უახლოეს პერიოდში უცხოელი ტურისტი უნდა მივიღოთ. მზადების გარეშე საგრძნობი რაოდენობის ვიზიტორების მიღებას ქვეყანა ვერ შეძლებს - სტუმარ-მასპინძლობის სექტორი განადგურებულია.

3. სარესტორნო ბიზნესმა დაიწყოს ფუნქციონირება შაბათ-კვირას (რეგულაციების გათვალისწინებით):
სარესტორნო ბიზნესი ეპიდემიოლოგების მოთხოვნების დაცვის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მობილიზებული ბიზნესია. ამ ბიზნესის დაკეტვა კერძო სექტორის ტერიტორიებზე აბსოლუტურად უკონტროლო, ჩრდილოვანი ღონისძიებების და ქეიფების ჩატარებას იწვევს. პლუს, ტურისტი შაბათ-კვირას რჩება მშიერი.

4. დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი:
იმისათვის, რომ დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი, აუცილებელია, გაძლიერდეს პროპაგანდა ვაქცინაციის დადებით შედეგებთან დაკავშირებით. დღეს როგორც ვაქცინაციის პროცესი, ასევე პროპაგანდა - არადამაკმაყოფილებელია.

5. შემცირდეს საგადასახადო წნეხი მცირე და საშუალო ბიზნესზე:
მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალებულია, ამ კრიზისის დროს სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ უნდა მოექცეს. ეს როგორც ზოგიერთი დარგის დოტაციას, ასევე საგადასახადო წნეხის მოხსნას, ან მინიმუმ შემცირებას ეხება.

6. შეწყდეს ქვეყანაში მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციის ტირაჟირება:

ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა წარმოუდგენელია დადებითი მესიჯების და პოზიტიური განწყობის გარეშე. მედიასაშუალებები, ისევე როგორც მთავრობა, დაკავებულია მხოლოდ უარყოფითი მესიჯების გაჟღერებით: ეპიდ-სიტუაციაზე, ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობაზე, პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, ლარის კურსზე, მკვლელობებზე და ა.შ.

ბატონო პრემიერო, თქვენ მიერ არის დაანონსებული, რომ სულ მალე წარმოდგენილი იქნება ანტიკრიზისული გეგმა - მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ამ გეგმის მომზადებაში. ამ თემებზე სასაუბროდ გთავაზობთ დაიგეგმოს სამუშაო შეხვედრა“, - ნათქვამია ბიზნესასოციაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განახლება: მე-6 პუნქტის იმ ნაწილზე, რომელიც მედიას შეეხებოდა, BMG-ისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია შედგა. საბოლოოდ, აღნიშნული პუნქტი კერძო სექტორმა დარგთაშორისი ინიციატივიდან ამოიღო.

ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ინიციატივას 12 ბიზნეს გაერთიანება უერთდება: საქართველოს რესტორატორტა ასოციაცია (250,000 დასაქმებული) ; საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია (400 დასაქმებული); საქართველოს რითეილერთა (ფეშენ) ასოციაცია (25 000 დასაქმებული); საქართველოს დისტრიბუტორტა ასოციაცია (15 000 დასაქმებული); საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (70 000 დასაქმებული); საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაცია (17 000 დასაქმებული); საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი (30 000 დასაქმებული); საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია (3 000 დასაქმებული); საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია (50 000 დასაქმებული); მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია(1 000 დასაქმებული); საქართველოს სალონების და ესთეტიკის ცენტრების ფედერაცია (1500 დასაქმებული); საქართველოს მენაშენეთა ასოციაცია (6 000 დასაქმებული).