მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12-შრიანი "ქართული პირბადე" COVID-19-ს არ ატარებს - BM.ge-მ დასკვნა მოიპოვა

5e99c7b605073
თელარა გელანტია, შოთა ტყეშელაშვილი
17.04.20 19:23
3201
საქართველოში დამზადებული 12-შრიანი პირბადე COVID-19-ის შემცველ შხეფებს არ ატარებს, - ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დოკუმენტში, რომელიც bm.ge-მ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გამოითხოვა. 

დოკუმენტის მიხედვით, NCDC-იმ აღნიშნული პირბადის სამ ნიმუშზე ჩაატარა ცდა, აქედან ერთი 8-შრიანი, ერთი - 10-შრიანი, ერთი კი 12-შრიანი იყო. ტესტირებამ უჩვენა, რომ 12-შრიანი ნიმუშები აკმაყოფილებენ იმ სტანდარტებს, რაც არსებულ ვითარებაში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმებს შეესაბამება. 

ტესტირების პროტოკოლიდან ირკვევა, რომ პირბადის დამცავი ფუნქცია შხეფებისადმი მედეგობაში მდგომარეობს. შესაბამისად, მისი ეფექტიანობის შემოწმების დროს ტესტირების მიზანი იყო ატარებდა თუ არა პირბადე ჰაერში არსებულ წვეთოვან ნაწილაკებს, თუმცა, ტესტირების შედეგებში მითითებულია, რომ ეს პირბადეები "არასტანდარტული" კატეგორიის არის. 

NCDC-ის კვლევის შედეგი:



შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მიერ სამკერვალო ფაბრიკებისთვის მიცემული სტანდარტით დამზადებული პირბადეების რეალიზაცია სააფთიაქო ქსელში 8 აპრილიდან დაიწყო და მათი ღირებულება 50 თეთრს შეადგენს. მათ ხარისხთან დაკავშირებით გასული კვირის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტრომ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება. მინისტრ ნათია თურნავას თქმით, ამ ტიპის ერთი პირბადის შეკერვა სახელმწიფოს 1 ლარზე მეტი უჯდება, თუმცა ხელმისაწვდომობის ზრდისთვის სარეალიზაციო ფასი ამაზე ორჯერ ნაკლები განისაზღვრა. 

სამინისტროს ინფორმაციითვე, ამ დროისთვის საყოფაცხოვრებო დანიშნულების 1 მილიონამდე 12-შრიანი პირბადე ქვეყნის 4 მსხვილ სააფთიაქო ქსელს უკვე მიეწოდა. დღეს საქართველოში დოლბანდისგან 12-შრიან პირბადეს 9 საწარმო ამზადებს. ამ დროისთვის უკვე შეკერილია 1,750,000 ცალი პირბადე.

17 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 370 შემთხვევა არის აღრიცხული. მათაგნ 79 ვირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვალების შემთხვევები კი 3-ს შეადგენს.