20.იანვარი .2021 11:13

13 ასოციაცია მთავრობას მიმართავს: კრიზისის დაძლევის 6 პუნქტიანი გეგმა

13 ასოციაცია მთავრობას მიმართავს: კრიზისის დაძლევის 6 პუნქტიანი გეგმა
views 1760
უკან

საქართველოს მთავრობის მიერ 28 ნოემბერს ამოქმედებული მეორე ლოქდაუნის შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა თავდაპირველად გაცხადებულ დროს არ მოხდა. კერძო სექტორის გარკვეული დარგები ამოქმედებას 1 თებერვალს ელოდებიან, თუმცა რომელი დარგები შეძლებენ გახსნას აღნიშნული დროიდან, ჯერ უცნობია.

ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბიზნესები, რომლებიც ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა მიმართულების მსხვილ გაერთიანებებს წარმოადგენენ დღეს მთავრობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვენის 6 პუნქტიან გეგმას წარუდგენენ.

როგორც დარგთაშორისო გეგმის ავტორები აცხადებენ, ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან 1 თებერვლიდან შეზღუდვების კიდევ ერთხელ გახანგრძლივების საფრთხეს ხედავს და მთავრობას მოუწოდებს, რომ კერძო სექტორის ამოქმედებისკენ მოუწოდებს.

„დიდი შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ჯერ 16 იანვარს ნაწილობრივი, შემდეგ კი 1 თებერვალს მთავრობის მიერ დაპირებული ე.წ. ლოქდაუნის სრული მოხსნა კვლავ გადადების საშიშროების წინაშეა, უფრო მეტიც, სხვა და სხვა სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენელთა და ეპიდემიოლოგთა ბოლო განცხადებები მიგვანიშნებს ქვეყნის ხელახალ ლოქდაუნზე (ე.წ მესამე ტალღა).

მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვაცნობიერებთ საქართველოში ჯანდაცვის სფეროში შექმნილ რთულ მდგომარეობას, გვინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია - ქვეყანა დგას გადარჩენის ან მთლიანი დაღუპვის ზღვარზე! გაკოტრებულია არაერთი დარგი, რის გამოც სავალალო მდგომარეობაშია საგადასახადო სისტემა და საბანკო სექტორიც კი. სუფევს ტოტალური უმუშევრობა (გარდა სახელმწიფო უწყებებისა)“, - ნათქვამია ასოციაციების გარეთიანებულ განცხადებაში.

მათი შეფასებით, ქვეყნის საფინანსო ვალდებულებების შესრულების ერთადერთი გარანტი ბიზნესის ყველა სექტორის ამოქმედებაა, რისთვისაც შეზღუდვების დაუყოვნებელი მოხსნა და ფრენების აღდგენაა საჭირო.

„უმძიმეს მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი, რაც ქვეყნის სამომავლო განვითარების პერსპექტივას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მარტში დაწყებული პანდემიიდან, ბოლო 11 თვის განმავლობაში ლოქდაუნი და ეკონომიკური სტაგნაცია უკვე მეხუთე თვეა გრძელდება, რაც ჩვენი, საკმაოდ ღარიბი ქვეყნისათვის ყოვლად დაუშვებელი ფუფუნებაა, ეკონომიკისთვის კი სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი. ქვეყანას აღებული აქვს უამრავი საერთაშორისო საფინანსო ვალდებულებები, რომელსაც გასტუმრება ესაჭიროება. ამისი ერთადერთი გარანტი არის ამოქმედებული ბიზნეს სექტორი.

სანამ კიდევ არსებობს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა და შექმნილი მდგომარეობიდან მცირე გამოსავალი, აუცილებელია, ეპიდემიოლოგთა მიერ დადგენილი ყველა რეგულაციის და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, უმოკლეს ვადაში ეკონომიკისათვის განმსაზღვრელი ყველა დარგის ამუშავება!

აუცილებელია:

1. სასწრაფოდ ამუშავდეს ტრანსპორტი, როგორც საქალაქო, ასევე საქალაქთაშორისო, საამტომობილო, მეტრო და რკინიგზა (კონცენტრაციის მინიმიზაციის გათვალისწინებით).
გაჩერებული ტრანსპორტი მიზეზია დღეს გაზრდილი უმუშევრობის და წარმოადგენს დისკრიმინაციას ყველაზე დაბალშემოსავლიანი ფენების მიმართ;

2. საერთაშორისო საავიაციო კომუნიკაციის აღდგენა, ისევე როგორც ამას ართმევს თავს არაერთი ქვეყანა.
ავიღოთ მაგალითი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისაგან (ევროკავშირში შიდა რეისები დაფრინავს, თურქეთი, დუბაი, ყაზახეთი, უზბეკეთი, რუსეთი, ჩეხეთი, სასომხეთი), რომლებსაც არ გაუჩერებიათ საერტაშორისო ტურისტული ბიზნესი და ამავდროულად წარმატებით ართმევენ თავს ეპიდემიასთან ბრძოლას.

3. დაიწყოს ფუნქციონირება სარესტორნო ბიზნესმა (გაიდლაინის რეგულაციების გათვალისწინებით);
სარესტორნო ბიზნესი ეპიდემიოლოგების მოთხოვების დაცვის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მობილიზებული ბიზნესია. ამ ბიზნესის დაკეტვა იწვევს აბსოლუტურად უკონტროლო ჩრდილოვანი ღონისძიებების და ქეიფების ჩატარებას კარძო სექტორის ტერიტორიებზე.

4. შიდა და გარე ტურიზმისა მოთხოვნების გათვალისწინებით, ამუშავდეს სასტუმროები;
დღეისთვის საკმაოდ ბევრი სასტუმრო ფუნქციონირებს. ასეთივე პრინციპით უნდა ნება მიეცეს ყველა სასტუმროს რომ აღადგინოს მუშაობა.

5. აღდგეს მოლებისა და არასასურსათო მაღაზიების ოპერირება;
ასეთი ამუშავების წარმეტებული შედეგი გვაქვს ახალი წლის პერიოდში. როგორც დავინახეთ ასეთ მუშაობას არ მოჰყოლია რაიმე სახის დაავადებულთა რიცხვის მატება.

6. დაიწყოს ზამთრის კურორტების ოპერირება, როგორც სასტუმროების, ასევე საბაგირო გზეების“, - სთავაზობს მთავრობას დარგთაშორისი ინიციატივას კერძო სექტორი.

13 ასოციაცია აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებისთვის რეგულაციების დაცვის მზადყოფნას გამთქვამს და მასობრივი ტესტირების ჩატარებას ემხრობა, თუმცა პროცესთან დაკავშირებული ხარჯების აღებისგან თავს იკავებს.

„საბაგიროების ამუშავება დაკავშირებულია სოციალური დისტანციის დაცვის რეალურ კონტროლთან. ეს ტექნიკური საკითხი საკმაოდ ადვილად მოგვარებადია და არ წარმოადგენს გადაულახავ პრობლემას. ამ ტექნიკურ პრობლემას არ უნდა შეეწიროს მთელი რეგიონების ამუშავების და გადარჩენის პერსპექტივა.

თუ კი ამის მისაღწევად აუცილებელია მასიური ტესტირებების ჩატარება, ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ და კოორდინაცია გავუწიოთ ამ პროცესს, თუმცა სავალალო მდგომარეობაში მყოფი და გაჩერებული დარგები ვერ შეძლებენ აღნიშნული ტესტირების საკუთარი სახსრებით ჩატარებას და აუცილებელი იქნება სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის სუბსიდირება.

ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა აცნობიერებს ქვეყნაში არსებულ რთულ მდგომარეობის სიმწვავეს, გაგებით მოეკიდება ჩვენს ინიციატივას და უახლოეს პერიოდში აამუშავებს ქვეყანას, რათა ცოტათი მაინც შეარბილოს უკვე ისედაც მძიმე მდგომარეობა“, - ნათქვამია დარგთაშორის ინიციატივაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა