მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 მლნ ლარის ინვესტიცია - რას სთავაზობს მომხმარებელს ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“

5f18132c056f6
ვიქტორია მღებრიშვილი
22.07.20 15:11
2984
„ჰუალინგ ჯგუფმა“ 17 ივლისს, თბილისის ზღვის პლაზაში 15 მლნ ლარის ინვესტიციით სამშენებლო-სარემონტო და სახლისთვის საჭირო ყველანაირი პროდუქტის ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ გახსნა.

როგორც BM.GE-ის კომპანიაში განუცხადეს, ჰიპერმარკეტის გახსნა ჯერ კიდევ პანდემიამდე იგეგმებოდა, თუმცა კოვიდ-ვირუსის გავრცელებამ „ჰუალინგ ჯგუფის“ გეგმები შეცვალა.

„პირველ რიგში, სტიმული ის იყო, რომ ბიზნესი არ უნდა გაჩერდეს და ქვეყანაში ყველაფერი უნდა ამოძრავდეს; სწორედ აქედან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ ამ რთულ პერიოდში საჭიროა გაიხსნას, რაც შეიძლება მეტი ბიზნესი და რაც შეიძლება მეტმა ბიზნესმა გააკეთოს ქვეყანაში ინვესტირება. ეპიდემიის გავრცელებამ გახსნასთან დაკავშირებით ხელი შეგვიშალა, თუმცა ეს გახდა იმის მიზეზი, რომ გაგვეკეთებინა ონლაინ პლატფორმა და კრიზისი ჩვენს სასიკეთოდ გამოგვეყენებინა“, - განაცხადა „მიჰაუსის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნოდარ ჯავახიხიშვილმა.

ჰიპერმარკეტ „მიჰაუსში“ 60 000 დასახელების პროდუქციაა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ყველა პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია ჰიპერმარკეტში, არის სერტიფიცირებული და  ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამ ეტაპზე ჰიპერმარკეტში 150 ადამიანია დასაქმებული.

„ჰიპერმარკეტში წარმოდგენილია როგორც უცხოური, ასევე, ქართული წარმოების პროდუქცია, როგორც საშენი მასალები, ასევე სხვადასხვა მიმართულება. გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ბაზარზე არ გვაქვს სამშენებლო და სარემონტო მასალების წარმოების ფართო არჩევანი, ამ ეტაპზე რომ ვთქვა - ქართული პროდუქციის პროდუქციის წილი დიდია, ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ბაზარი არ არის ამ კუთხით განვითარებული, მაგრამ ჩვენი ჰიპერმარკეტი ყველა მწარმოებლისთვის, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, ღიაა.  პროდუქცია მსოფლიოს 20 ქვეყნიდან არის წარმოდგენილი და მათგან 75% ევროპული ნაწარმია. დაახლოებით, 10 000 პარტნიორი გვყვავს, მათ შორის 10 ადგილობრივი მწარმოებელია“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, ჰიპერმარკეტის კონცეფცია განსხვავებულია ბაზარზე არსებული სხვა ბიზნესსუბიექტების კონცეფციისგან და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ონლაინ ასევე ტრადიციული გაყიდვის სერვისებს.

„მიჰაუსი ადგილობრივ ბაზარზე პირველი სუპერმარკეტია, რომელსაც ჰიპერმარკეტს პლიუს შოურუმი აქვს. გადავწყვიტეთ რომ შემოგვეტანა ევროპული სერვისი, რისთვისაც ჩამოვიყვანეთ უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც ამ პროექტზე ჩვენთან ერთად მუშაობდნენ. ჩვენი და მათი გამოცდილება მოვიდა თანხვედრაში. აქედან დაიბადა სახელწოდებაც „მეტი ინოვაცია სახლისათვის“ (More Innovation House – MIHouse)“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტი გახსნიდან სულ 5 დღეა გასული, თუმცა მომხმარებელთა აქტივობა ყველანაირ მოლოდინს აჭრბებს.

„გახსნის დღესვე ონლაინ მაღაზიის მეშვეობით, დაახლოებით, 3 000-მდე პროდუქტი გავყიდეთ, რის გამოც მოგვიწია ონლაინ მაღაზიის გაუმჯობესება და მომხმარებელს მომავალი კვირიდან შევთავაზებთ განახლებულ სერვისს, ახლა ონლაინ მაღაზიაში გაყიდვები გაჩერებული გვაქვს. მაღაზიაში კი, პირველივე დღიდან დიდი რიგებია, რადგან მომხმარებელს ყველა სეგმენტზე გათვლილ პროდუქციას ვთავაზობთ“, - უთხრა BM.GE-ის „მიჰაუსის“ მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.

„ჰუალინგ ჯგუფის“ გეგმაში რეგიონებში ჰიპერმარკეტის გაფართოებაც შედის, თუმცა კონკრეტულ ლოკაციებსა და დროზე საუბარი ჯერ არ შეუძლიათ. „ჩვენთვის რეგიონები პრიორიტეტულია და აუცილებლად იგეგმება ამ მიმართულებით გაფართოება, თუმცა ამ ეტაპზე მიმდინარებს ბაზრის კვლევა და კონკრეტულად რომელ რეგიონში გაიხსნება ჩვენი პირველი ფილიალი ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა „მიჰაუსის“ წარმომადგენელმა.