მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

€150 მლნ-იანი პროექტი იმერეთში - “ვიწყებთ ინვესტორებთან შეთანხმებებს”

61334fc4ccded
სალომე მეცხვარიშვილი
04.09.21 14:48
1625
სახელმწიფო ბიზნესთან პარტნიორობით იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 150 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის განხორციელებას გეგმავს - ეს არის მრავალფუნქციური სივრცე, დაწყებული სათბურებიდან, დასრულებული სამაცივრე და გადამამუშავებელი მეურნეობებით, ასევე სასწავლო ცენტრით. აღნიშნული პროექტი ძირითადად ქართული მწვანილის ხარისხისა და მოსავლიანობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. დეტალების შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წყალტუბოში ისაუბრა.

მისი თქმით, პროექტზე დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და კონკრეტული პირობებით ინვესტორებთან მუშაობა მიმდინარეობს. მინისტრი ამბობს, რომ იმერეთში წარმოებული მწვანილი განსაკუთრებული პოტენციალის მქონეა, ამიტომაც თავის დროზე დაიწყეს მუშაობა იმაზე, თუ როგორ გაეუმჯობესებინათ ეს პოტენციალი.

“ბევრი შეხვედრა ჩატარდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, როცა ვმსჯელობდით, როგორ გაგვევითარებინა ეს მიმართულება. დაფუძნდა სახელმწიფო კომპანია “იმერეთის აგროზონა”, რომელიც ავითარებს სასათბურე მეურნეობებს. ეს გულისხმობს 150 მილიონი ევროს ინვესტიციას მხოლოდ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში; ეს გულისხმობს წარმოების ყველა ჯაჭვში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას.

გვექნება როგორც პირველადი წარმოების სათბურები, ასევე გვექნება სასწავლო და ტრენინგ ცენტრი, გვექნება ყველა სერვისის მიწოდების საშუალება, რომელიც მოემსახურება არამხოლოდ იმ 200 ჰა-ს, რომელიც გამოყოფილია ფარცხანაყანებში, არამედ მთლიანად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფერმერებისთვის იქნება.

აქ აშენდება სამაცივრე, შემნახველი და გადამამუშავებელი მეურნეობები ისე, რომ თითოეული წარმოებული კილოგრამი პროდუქცია მეტ ღირებულებას იძენდეს და გადიოდეს არამხოლოდ ტრადიციულ ბაზრებზე, არამედ ევროპის და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე, რომლებიც შესწავლილი გვაქვს. პროექტი დამუშავებულია ქართულ-ჰოლანდიური ჯგუფის მიერ, დამთავრდა დეტალური შესწავლა, გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა და დღეს ვიწყებთ კონკრეტული პირობებით ინვესტორებთან შეთანხმებებს”,- აცხადებს მინისტრი.