მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„16 წელი იმუშავეთ უწყებაში, რომლის შემოწმებაც მოგიწევთ. ობიექტური იქნებით?" - დეპუტატი ყავლაშვილს

63283b0e0a6d3
ინგა მურუსიძე
19.09.22 13:51
5093
სამოქალაქო ინტეგრაციის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დღეს, გენერალური აუდიტორის კანდიდატს, ცოტნე ყავლაშვილს მოუსმინეს. ყავლაშვილი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი მექვაბიშვილის შემცვლელად რამდენიმე დღის წინ წარადგინა. თავის მხრივ, მექვაბიშვილს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა.

კომიტეტის სხდომაზე ცოტნე ყავლაშვილთან დეპუტატების უმრავლესობას კითხვები აქვს მის ობიექტურობასთან დაკავშირებით, ასევე გეგმავს თუ არა საკადრო ცვლილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. საქმე ის არის, რომ ცოტნე ყავლაშვილი დაახლოებით 16 წელი ფინანსთა სამინისტროში, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ცოტნე ყავლაშვილისგან ობიექტურობის საკითხით დაინტერესდა, საპარლამენტო ოპოზიციის წევრი, „გირჩის“ წარმომადგენელი ალექსანდრე რაქვიაშვილია.

„16 წელი იმუშავეთ უწყებაში, რომლის შემოწმებაც მოგიწევთ. თქვენ ამას ვერ შეძლებთ, რადგან თუ ეს ხალხი კარგად მუშაობდა, პროფესიონალები იყვნენ, ამდენი ხანი მათთან გაატარეთ, მადლობები უხადეთ, ახლა ხართ ინსტიტუციის მმართველი, რომელიც ამ ხალხს ამოწმებს. რას მოიმოქმედებთ, რომ გარე დამკვირვებლისთვის ეს რისკი იყოს დაზღვეული? რისკი იარსებებს, რადგან თქვენმა მეგობარმა, რომელთანაც წლების განმავლობაში იმუშავეთ, თქვენი ქმედებებით შესაძლოა სამსახური დაკარგოს, ჩვეულებრივი ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება შეიქმნას. რაიმე გეგმა თუ გაქვთ, თუ როგორ უნდა დავაზღვიოთ ეს?“, - მიმართა რაქვიაშვილმა ცოტნე ყავლაშვილს.

გენერალური აუდიტორის კანდიდატი ამბობს, რომ პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს და ობიექტურობის პრობლემა არ იქნება, არც ერთ უწყებასთან მიმართებაში.

„მე ფინანსთა სამინისტროში ბევრი კოლეგა მყავს, ბევრი პატივსაცემი ადამიანი, ბევრი დრო მაქვს გატარებული, თუმცა თუ მოიკითხავთ ჩემს მოღვაწეობას სხვადასხვა თანამდებობაზე, ნახავთ, რომ ჩემი გადაწყვეტილებები არ ყოფილა მეგობრობასა და ემოციებზე დამყარებული. ეს იყო პრაგმატული და შინაარსზე გათვლილი გადაწყვეტილებები. ასევე ვაპირებ ვიმუშაო სახელმწიფო აუდიტის სამსახურშიც“, - ამბობს ყავლაშვილი.

ცნობისთვის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილი ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.