მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობამ შეიძლება ინვესტორთა ნდობა შეასუსტოს - აშშ

60f113af0158e
თათია კაკიაშვილი
16.07.21 09:12
1106
„შეერთებული შტატები შეშფოთებულია 12 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატის დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ოფიციალური წერილის მიხედვით, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების შუამავლობით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით, 19 აპრილის შეთანხმებით, ხელმომწერებმა აღკვეთეს უზენაესი სასამართლოსთვის „ყველა მიმდინარე დანიშვნა“ ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმების პროცესში „ამბიციური სასამართლო რეფორმის“ დასრულებამდე.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაესი სასამართლოს დანიშვნების შეჩერებით. ამაზე შეთანხმდნენ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მმართველი პარტიის ჩათვლით. ამის შეუსრულებლობა კიდევ უფრო შეარყევს ქართველი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ და საფრთხეს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობამ შეიძლება, ინვესტორთა ნდობა შეასუსტოს და საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების მდგრადობა შეამციროს“, - წერია განცხადებაში.

შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „აღადგინონ თავიანთი ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი და ამავდროულად, განაახლონ პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან“.