მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

190 ათასზე მეტ მომხმარებელს სესხი გაუძვირდა - "საზოგადოება და ბანკები"

62442571a1a36
მარიამ ვარადაშვილი
30.03.22 13:47
879
“საზოგადოება და ბანკების” ინფორმაციით, 2022 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 191 800 სესხია გაცემული.

მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით, 11%-დე გაიზარდა.

ჯამში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულია 8 554 მლნ ლარის მოცულობის სესხი. 191 800 ხელშეკრულებიდან 84 900 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1182 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 მარტის მდგომარეობთ 22.17% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 მარტის მონაცემებით 67 000 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.95%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2927 მილიონი ლარია.

„საზოგადოება და ბანკების“ შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების წინააღმდეგ მიმართული გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა.

“პანდემიით გამოწვეულ ინფლაციურ პროცესებს თან დაერთო რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული ინფლაციური ზეწოლა. თებერვლის თვის ინფლაციამ 13.7% შეადგინა. შემდგომ თვეებში კი მოსალოდნელია კლება, თუმცა გაგრძელებული ინფლაციის ფონზე, ახალი შოკის დამატების პირობებში, უარყოფითი ინფლაციური მოლოდინების ფორმირების გაზრდილი რისკია, რითიც აიხსნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის კიდევ უფრო გამკაცრება.

ინფლაციური ზეწოლის ერთი მთავარი არხი ნავთობის ფასების ზრდაა, რაც ეკონომიკის სექტორებში ჯაჭვურად იწვევს ფასების ზრდას და შესაბამისად დიდი კონტრიბუცია აქვს ინფლაციაში, ხოლო მეორე წყარო მიწოდების არხია. არსებულ ვითარებაში, როდესაც რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო გარკვეულ სასაქონლო ჯგუფებზე მოხდება ფასების ზრდა. რაც შეეხება მოთხოვნის ფაქტორებს, მიმდინარე კრიზისის ფონზე საგარეო მოთხოვნის ზრდა ნაკლებად სავარაუდოა, ხოლო ეკონომიკური ზრდის სავარაუდო შენელების გამო ერთობლივი მოთხოვნის ზეწოლაც ფასებზე შემცირებული დარჩება. მონეტარული სტაბილურობისათვის აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც სამომავლოდ პირდაპირ კავშირში იქნება ინფლაციასთან”,-აცხადებენ ორგანიზაციაში.