მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 ქვეყანა, სადაც მოსახლეობა ყველაზე სწრაფად მცირდება

62db09ee9959a
BM.GE
23.07.22 00:50
15041
1950-იანი წლებიდან მოყოლებული მსოფლიო მოსახლეობის მატების ტენდენცია ზრდისკენ მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ზრდა ძირითადად ჩინეთსა და ინდოეთშია კონცენტრირებული, მკვლევარები ზრდის შემდგომ ტალღას აფრიკის რეგიონში ელოდებიან. 

თუმცა, არსებობს რეგიონები, სადაც საპირისპირო ტენდენცია შეიმჩნევა და მოსახლეობა წლიდან წლამდე მცირდება. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც მოსახლეობა ყველაზე სწრაფი ტემპით მცირდება.

სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია გაეროს მონაცემებს ეყრდნობა და მოსახლეობის კლების სავარაუდო ტემპებს ასახავს 2020-დან 2050 წლამდე. საინტერესოა, რომ ტოპ-20-ეულში შემავალ სახელმწიფოთა უმეტესობა აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს. ამას კი თავისი მიზეზები აქვს.

პირველი და უმთავრესი მიზეზი შობადობის დაბალი მაჩვენებელია. პიტერსონის საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტის მონაცემებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მის წევრ სახელმწიფოებში შობადობის მაჩვენებელი დაეცა. რეგიონში ერთ ქალზე შობადობის საშუალო მაჩვენებელი 1988 წლის 2.1-დან 1998 წელს 1.2-მდე შემცირდა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად რეგიონში შობადობის მაჩვენებლების გაუმჯობესებისა, საერთო სურათზე დიდ გავლენას ახდენს სიკვდილიანობის მაჩვენებელი და ემიგრაციაც.

აღმოსავლეთ ევროპიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე ამ პერიოდის განმავლობაში მიგრაციის რამდენიმე ტალღა დაფიქსირდა. პიტერსონის საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტის მონაცემებით, 2016 წლისთვის ევროკავშირის სხვა ქვეყნებში 6.3 მილიონი აღმოსავლეთ ევროპელის მიგრაცია მოხდა.
ყველაზე სწრაფი ტემპით ბულგარეთის მოსახლეობა მცირდება. გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით 2050 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობა 22.5%-ით შემცირდება. თითქმის 22%-იანი პოტენციური კლების მაჩვენებელია პროგნოზირებული ლიეტუვისა და ლატვიისთვის. მოსახლეობის 20%-ით შემცირებაა ნავარაუდევი უკრაინის შემთხვევაში.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ საქართველოს მაჩვენებელი. საქართველო მოსახლეობის კლების მაჩვენებლის მიხედვით, 20 ყველაზე სწრაფად კლებად ქვეყანას შორის მე-16 ადგილს იკავებს. გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 11.8%-ით შემცირდება.

საინტერესოა ისიც, რომ ოცეულიდან 18-ს სწორედ ევროპული სახელმწიფო წარმოადგენს. გამონაკლისი მხოლოდ კუბა და იაპონიაა. ამ უკანასკნელის მოსახლეობის პოტენციური კლების მაჩვენებელი 16.3%-ს შეადგენს. კუბას შემთხვევაში კი ეს რიცხვი 10%-ს უტოლდება.

დეტალურად რეიტინგი იხილეთ Forbes.ge-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები