მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე ცუდი თვე საფონდო ბირჟებისთვის - აპრილის შეჯამება

626fdd21a9a55
გიორგი თოლორდავა
02.05.22 20:00
2253
2022 წლის აპრილი ამერიკული საფონდო ბირჟებისთვის უაღრესად არასახარბიელო შედეგით დასრულდა: აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების საერთო ინდექსი (S&P 500) თითქმის 10%-ით დაეცა; 5.6%-ით შემცირდა Dow Jones-ის ღირებულება; ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთული Nasdaq-ის ინდექსი კი ერთ თვეში 15.1%-ით შემცირდა, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.

საფონდო ბირჟების მკვეთრი ვარდნა რიგ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციის დონის რეკორდული ტემპით ზრდაა. წელს აშშ-ში ინფლაციამ 8.5%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც 1981 წლის შემდეგ სამომხმარებლო ფასების ზრდის უმაღლესი მაჩვენებელია.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებაა - 2022 წლის პირველ კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა 1.4%-ით შემცირდა, რაც, თავის მხრივ, კომპანიების საქმიანობასა და შემოსავლიანობაზე ნეგატიურადაა ასახული.

აღსანიშნავია, რომ გასული კვირა განსაკუთრებით დატვირთული იყო უმსხვილესი ამერიკული კომპანიების კვარტალური ანგარიშების გამოქვეყნებით, Amazon-ის, Apple-ის, Google-ისა და Netflix-ის იმედგამაცრუებელმა შედეგებმა ნეგატიური ზეწოლა მოახდინა თავად ამ კომპანიების აქციებსა და ზოგად ინდექსებზე, მათ შორის, Nasdaq-ზე.

გასულ თვეს Amazon-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 26%-ით შემცირდა; 12%-ით დაეცა Apple-ის აქციების ფასი; Alphabet-ის (Google) აქციები 20%-ით შემცირდა; Netflix-ის საბაზრო ღირებულება კი ერთ თვეში თითქმის განახევრდა (-51%).

მიუხედავად ბირჟების ზოგადი დაღმასვლის ტენდენციისა, ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილ კომპანიებს შედარებით კარგი შედეგები ჰქონდათ, რაც ძირითადად მსოფლიოს მასშტაბით ენერგოპორდუქტების გაძვირებით და მათი შემოსავლიანობის ზრდითაა გამოწვეული.

უმსხვილესი კომპანიების აქციების შემცირების ერთ-ერთი უმთავრესი განმაპირობებელი მიზეზი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა. საპროცენტო განაკვეთისა და რისკის პრემიის ზრდის ფონზე, ინვესტორები შედარებით სპეკულაციურ აქტივებში პოზიციებს ამცირებენ. საყურადღებო საკითხებად ექსპერტები რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას და ჩინეთში COVID-19-ის გავრცელებას ასახელებენ - ორივე მათგანს მარტივად შეუძლია გლობალურ ეკონომიკაზე გავლენის მოხდენა და ვითარების რადიკალურად შეცვლა. 

ინვესტორთა ნაწილის შეფასებით, სამომავლო ნეგატიური მოლოდინები, მათ შორის, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პერსპექტივა უკვე ასახულია ფასებზე, რაც აჩენს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ბირჟა უკვე ახლოსაა მოკლევადიან ფსკერთან, მისი კიდევ უფრო მეტად ვარდნის ობიექტური მიზეზები კი უკვე აღარ არსებობს, აქციების შემცირებული ფასები და ვოლატილობის მაღალი დონე კი ინვესტორთა და ტრეიდერთათვის საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის. 


გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.